სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მშობლიურ პრევიძაში ოთხთა ტურნირში ჩაება. შეჯიბრში მასპინძელთა გარდა, უკრაინა, დანია და შვეიცარიაც მონაწილეობენ.
ივან რუდეჟის შეგირდებმა საწყისი მატჩი უკრაინასთან ჩაატარეს და გუნდთან, რომელსაც ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის მერიის თასზე 73:69 სძლიეს, 65:72 (11:15, 23:20, 14:18, 17:19) დამარცხდნენ.
შეხვედრას 650 მაყურებელი დაესწრო. მასპინძელთა რიგებში 14 ქულა მიხალ ბატკამ ჩააგდო, 13 ქულა მიითვალა მილან ზიაკმა, რიჩარდ კორნერის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო. სლოვაკთა მთავარ მწვრთნელს განაცხადში 13 კალათბურთელი ჰყავდა, თუმცა, მოედანზე 11 გაიყვანა. მასპინძლებმა თამაშიდან 60-დან მხოლოდ 20 ტყორცნა გამოიყენეს და მოხსნებშიც ძალიან გაუჭირდათ – 27:35.
დღის მე-2 შეხვედრაში შვეიცარიამ დანიასთან 75:86 წააგო. დღეს, სლოვაკები სწორედ დანიას უმასპინძლებენ, შვეიცარია კი უკრაინის პირისპირ დადგება. აქვე ის კომენტარიც, რომელი რუდეჟმა ოთხთა ტურნირის პირველი დღის თავზე გააკეთა:
“კარგია, რომ შეჯიბრში მონაწილეობას უკრაინის დარი ძლიერი გუნდი იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ნბა-ში და ევროლიგაში გამობრძმედილი კალათბურთელები ჰყავს, სლოვაკ ქომაგს შეუძლია იამაყოს. ჩვენ მათ ღირსეული ბრძოლა გავუმართეთ. გადამწყვეტი ის უპირატესობა გახდა, რომელიც უკრაინელებს ფარქვეშ ჰქონდათ. ამას გარდა, რამდენიმე უაზრო ფოლიც მივიღეთ”.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სლოვაკეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და ალბანეთი იქნებიან. სლოვაკები F ჯგუფში პირველ მატჩს 31 აგვისტოს სტუმრად ჩერნოგორიასთან გამართავენ, 3 სექტემბერს კი ბრატისლავაში საქართველოს დაუხვდებიან.