კალათბურთი

14:22 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიამ მაკედონიასაც აჯობა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს უმთავრეს მეტოქედ მოიაზრება, მე-6 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისევ გამარჯვება იზეიმა.

ბოგდან ტანიევიჩის შეგირდები სკოპიეს სტუმრობენ და გუშინ მაკედონიის ოთხთა ტურნირში ჩაებნენ. ჩერნოგორიელთა პირველი მეტოქე სწორედ მაკედონია გახლდათ, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა გასულ ევრობასკეტზე 90:75 სძლია და ჯგუფში ჩატოვა.

ტანიევიჩის შეგირდებმა ძალიან ყოჩაღად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მასპინძლები 27:12 გაანადგურეს, შემდეგ კი, ჩამორჩენამ კლება დაიწყო და საბოლოოდ, სტუმრებმა მხოლოდ 4 ქულის სხვაობით იმარჯვეს – 77:73 (27:12, 13:24, 23:24, 14:13). აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებისკენ მაკედონია ქულით დაწინაურდა (74:73), თუმცა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ზედიზედ 4 საჯარიმო ჩააგდო და გუნდი მოსამზადებელ ციკლში პირველი მარცხისგან იხსნა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ “ორლანდო მეჯიქის” ცენტრი გახდა, რომელმაც 19 ქულას 10 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება წაამატა. 14 ქულა ჩააგდო ჩერნოგორიელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა დერენ ნიდამმა, 10-ქულიან ზღვარს კი ვლადიმირ მიჰაილოვიჩიც (11) ასცდა. მაკედონიელთაგან ძმები – ვოიდან და დამიან სტოიანოვსკები გამოირჩნენ, რომელთაც შესაბამისად, 19 და 15 ქულა ჩააგდეს.

“მოსამზადებელ ციკლში ასეთ დაძაბულ მატჩებს მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ცუდი ის იყო, რომ დიდი უპირატესობა გავანიავეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მივეცით. საკვალიფიკაციო თამაშებისთვის მზადება გადამწყვეტ პერიოდში შედის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო”, - განაცხადა ვუჩევიჩმა.

ჩერნოგორიელებს სკოპიეს ოთხთა ტურნირზე მე-2 მატჩი დღეს ელით და ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშებიან, რომელმაც პირველი მატჩი ბელგიასთან 67:73 დათმო. ტანიევიჩის ბიჭები მაკედონიაში დასკვნით შეხვედრას 20 აგვისტოს ბელგიასთან ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრის მერე ჩერნოგორიელთა მთავარი მწვრთნელი შემადგენლობას 14 კალათბურთელამდე დაიყვანს.

ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორია საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქეა, ჩვენთვის საინტერესო შესარჩევ ჯგუფში კი სლოვაკეთი და ალბანეთიც ითამაშებენ.

ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 სექტემბერს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

მაკედონია – ჩერნოგორია 73:77 (12:27, 24:13, 24:23, 13:14)

ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (24 წ. 19 ქ. 10 მ. 5 პ.), მიჰაილოვიჩი (24 წ. 11 ქ.), რადონჩიჩი (11 წ.), ნიდამი (28 წ. 14 ქ. 4 პ.), დაშიჩი (23 წ. 8 ქ.); ტოდოროვიჩი (6 წ. 3 მ.), რადოვიჩი (10 წ. 9 ქ.), დუბლევიჩი (18 წ. 4 ქ. 5 მ.), ივანოვიჩი (16 წ. 2 ქ. 3 მ.), ვრანიეში (20 წ. 7 ქ.), დურიშიჩი (20 წ. 5 ქ. 3 მ.).

0.113219