რიოში, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ოფისში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელებს, ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მათ დიდი წარმატება მიულოცა და დიპლომები და საჩუქრები გადასცა.
“პირველ ყოვლისა, მინდა გამოვყო ჩვენი ძალოსნების ტრიუმფალური გამოსვლა. 16 აგვისტი იყო მართლაც გამორჩეული დღე ჩვენი სპორტის ისტორიაში – პირველად მოხდა, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთდროულად იდგა ორი ქართველი სპორტსმენი.
ლაშამ ყველას დაუმტკიცა, რომ უძლიერესი მამაკაცია პლანეტაზე, თანაც აქ მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდებიც დაამყარა. ასევე აღსანიშნავია თურმანიძის საოცრად კარგი გამოსვლა ოლიმპიურ ფიცარნაგზე. მან ბოლომდე იბრძოლა, თავისი ძალა მაქსიმალურად გამოავლინა და ჯილდოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ჩენი მოჭიდავეებიდან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა შმაგი ბოლქვაძემ. მას ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ ასევე ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დაიკავა ადგილი.
ჩვენ უკვე ხუთი მედალი გვაქვს და ეს ყველას გვახარებს, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ არის შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მძლეოსნობაში. უკვე ფინალშია და მედლისთვის იბრძოლებს ჩვენი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.
ახლა მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რათა ოლიმპიური თამაშების ფინიშზე კვლავ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები” - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც ჩვენს ოლიმპიელებს და მათს მწვრთნელებს სამახსოვრო მედლები და სოკ-ის სერთიფიკატები გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი.