ფეხბურთი

14:08 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” მატრი გაასხვისა

იტალიური “მილანის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო მატრი ამიერიდან “სასუოლოს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ნეროვერდის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. მატრიმ “მილანთან” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს შეუერთდა, რომელიც ევროპა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობს.

იტალიელი თავდამსხმელი “სასუოლოში” მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დარჩება და წლიურად ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

31 წლის ალესანდრო მატრი “მილანის” სკოლის აღზრდილია, თუმცა სხვადასხვა გუნდებში მოგზაურობის შემდეგ “სან სიროზე” 2013 წელს დაბრუნდა. აპენინელმა შემტევმა გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და განვლილ სამ წელიწადში იჯარით “ფიორენტინაში”, “ჯენოაში”, “იუვენტუსსა” და “ლაციოში” ირჯებოდა. მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი კი მაინც “კალიარისა” და “იუვეს” უკავშირდება – ტურინელთა ღირსებას მატრი 2011-2013 წლებშიც იცავდა. ანუ, მანამ, სანამ “მილანში” დაბრუნდებოდა.

0.115851