მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის დოპინგ-სკანდალის თაობაზე "მსოფლიო სპორტისთვის” კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა. შეგახსენებთ, ბოლქვაძე საქართველოს ოლიმპიური გუნდის განაცხადში იყო და ნაკრების ხელმძღვანელობამ ირაკლი რევიშვილით ზედ ოლიმპიადის დაწყების წინ ჩაანაცვლა.
სპორტსმენებმა ბრაზილიაში გამგზავრების წინ დოპინგკონტროლი გაიარეს და ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. სპორტსმენის მოთხოვნით, შედეგები გაასაჩივრეს. ამ დღეებში კი ირაკლი ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს”.
რაც შეეხება ტარიელ ხეჩიკაშვილის კომენტარს:
"შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ. როდესაც საბოლოო მოკვლევა დასრულდება, შესაბამის განცხადებას საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც გააკეთებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სპორტსმენების უფლებები დაცული იყოს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს”.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში