საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ციკლში 6 საკონტროლო მატჩი მოილია, წინ კი კიდევ 4 შეხვედრა ელის.
ილიას ზუროსის შეგირდებმა პორტუგალია (90:71), ბელარუსი (86:74), ჰოლანდია (77:66) და უკრაინა (73:69) დაამარცხეს, რუსეთთან კი ორივე მატჩი წააგეს (62:94 და 97:100).
ქართველი კალათბურთელები მომავალი ბატალიებისთვის მზადებას თბილისში აგრძელებენ, საქართველოს დედაქალაქიდან კი გეზს რუმინეთისკენ აიღებენ, სადაც 18-19 აგვისტოს მასპინძელთა ეროვნულ გუნდს 2-ჯერ გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ისრაელთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად 2017 წლის ევრობასკეტის თანამასპინძელია, ამდენად, მათთან სპარინგები საინტერესო უნდა გამოვიდეს.
სხვათა შორის, მაშინ, როდესაც საქართველო თბილისის მერიის თასს მასპინძლობდა, რუმინეთმა კლუჟ-ნაპოკაში, სადაც ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები უნდა შედგეს, ოთხთა ტურნირი გამართა, თუმცა, წარმატებულად ნამდვილად არ უთამაშია.
მასპინძლებმა საწყის მატჩში ესტონეთს გაჭირვებით (67:66) სძლიეს, შემდეგ კი, უნგრეთთან (59:70) და ბულგარეთთან (76:83) უშანსოდ წააგეს და ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავეს.
გასულ მატჩებში რუმინელთა მაისურით ითამაშა ნატურალუზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მალკოლმ არმსტედმა, მაგრამ თავი დიდად არ გამოუჩენია. თურქული “ისთანბულის” 27 წლის უკანახაზელი მოედანზე ყველაზე დიდ დროს კი ატარებდა, თუმცა, სამ მატჩში მხოლოდ 21 ქულა მოუგროვდა.
საქართველოს ნაკრებს დასკვნითი მოსამზადებელი მატჩები პოლონეთში ელის. 24-25 აგვისტოს ვროცლავში დაგეგმილ ოთხთა ტურნირში ქართველთა გარდა, მასპინძელი პოლონეთი, შვედეთი და ბელგიაც ითამაშებენ.
პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, 24 აგვისტოს ნახევარფინალებში საქართველო-შვედეთი და პოლონეთი-ბელგია ითამაშებენ, 25-ში კი, ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ციკლი 31 აგვისტოს თბილისში ალბანეთთან მატჩით დაიწყება, შემდეგ კი, ქართველებს ჩერნოგორიასთან და სლოვაკეთთან შეხვედრებიც ელით.
საკვალიფიკაციო ჯგუფის 4 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მხოლოდ პირველ ადგილზე გასული ნაკრები გავა, ჯგუფების 7 მეორეადგილოსნიდან კი ევრობასკეტის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს.