უაღრესად დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები 97:100 დამარცხდა რუსეთთან და თბილისის მერიის თასი რუსებმა მოსკოვში წაიღეს. მოგება კარგია და ქართველებს რომ ემარჯვათ, სპორტის სასახლეში მოსული 7 ათასზე მეტი მაყურებელი იმაზე მეტად გაიხარებდა, როგორც რუსებთან მატჩში ქართველების მიერ გამოჩენილი ბრძოლისა და თავდადების შემხედვარემ გაიხარა. საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ფორტუნამ რუსებს გაუმართლა.
ამაზე კარგ გაკვეთილს საქართველოს ნაკრები ვერსად მიიღებდა. დაძაბული, დრამატული ფინალი, ოვერტაიმი და ექსტრა კლასის მეტოქე. ილიას ზუროსი ნამატჩევს უკმაყოფილო არ იყო. პირიქით, ბერძენმა სპეციალისტმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ნაკრების წევრთა მიმართ. ქართველი კალათბურთელები ნატურალიზებულ ამერიკელ მაიკლ დიქსონთან ერთად ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და ყველაფერს აკეთებდნენ იმის ფარგლებში, რასაც ამ ეტაპზე მათი მომზადებისა და შეთამაშების დონე აძლევდათ.
არც მოსამზადებელ და არც საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებს არ ეყოლებათ იმაზე ძლიერი მეტოქე, დღეს რომ ჰყავდათ რუსეთის სახით. სერგეი ბაზარევიჩის ნაკრებს მიზეზთა გამო წამყვანი მოთამაშეები – ტიმოფეი მოზგოვი და ალექსეი შვედი აკლდათ. ეს დანაკლისი რუსებმა იოლად გადაიტანეს და რაკი ქართველებთან ფარქვეშ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, შეტევის ასპარეზად შორი სროლები და სწრაფი გარღვევები აირჩიეს. ძნელია, მსოფლიოს მასშტაბით საკალათბურთო მატჩებში მოიძებნოს ისეთი მატჩები, როცა ერთმა გუნდმა მოხსნები 33:56 დათმო, მაგრამ თამაში მოიგო. სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს ქართველებმა ფარზე, მაგრამ რუსებმა ეს ჩამორჩენის კომპენსირება სწრაფი შეტევებით და რაც მთავარია, შორი სროლებით მოახერხეს.
რუსეთმა ქართველებთან მატჩამდე, ჰოლანდიასთან საკუთარი ისტორია დაწერა 19 ზუსტი სამქულიანით. ეს ძალიან ბევრია და დღეს ამდენი არ ჩაუგდიათ – ქართველებთან რუსებმა 14 სამიანი, ანუ მეტოქეზე ორჯერ მეტი ჩააგდეს და მიუხედვად იმისა, რომ ქართველებმა საჯარიმოების შესანიშნავი შედეგი აჩვენეს (34-დან 30), საბოლოოდ გამარჯვებული მაინც რუსეთი გამოვიდა. ვიტალი ფრიდზონი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი გახდა შეუჩერებელი და მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გუნდი მესამე პერიოდში 9 ქულით - 50:41 დაწინაურდა, მისი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით რუსებმა თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს და ბოლო პერიოდში სოლიდურადაც დაწინაურდნენ.
თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ქართველებმა უკანასკნელ წუთებზე მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო წუთზეგამარჯვებას თვალებში ჩახედეს. შენგელიამ გამთანაბრებელი ორიანი ჩააგდო და პლუს მეურვე აიძულა, დაჯარიმებულიყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 4,3 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმო ააცილა, რუსებმაც შედეგიანად ვეღარ გამოიყენეს დარჩენილი დრო და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც დიდი ბრძოლის შედეგად რუსებმა 3 ქულით იმარჯვეს.
თბილისის მერიის თასზე მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ რუსეთს თასი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.
მატჩის შესვენებაზე საერთაშორისო ბრენდმა „სნეპ - ფიტნრსმა“ გაათამაშა 4 სამთვიანი ულიმიტო ვაუჩერი, რომლებიც იმ გულშემატკივრებს ერგოთ, რომლებმაც მოედნიდან ტრიბუნებზე ნასროლი ბურთები დაიჭირეს, შემდეგ კი საჯარიმოს სროლებში გამოიჩინეს თავი. შესვენებაზევე, მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ Fიგჰტ Nიგჰტს Gეორგია-ს მებრძოლები, რომლებიც 27 აგვისტოს Bლაცკ შეე Aრენა-ზე საქართველოს სახელს უცხოელ მებრძოლებთან დაიცავენ.
დღეს, 15 აგვისტოს ეროვნული გუნდი დაისვენებს და 16-დან ვარჯიშებს თბილისის სპორტის სასახლეში განაახლებს.
თბილისის მერიის თასი 2016. სპორტის სასახლე. 14 აგვისტო
საქართველო 97:100 (დ. დ) რუსეთი
ჰოლანდია 68:76 უკრაინა
www.gbf.ge