გერმანიის ბუნდესლიგის გასული, 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “დარმშტადტის” 48 წლის დამრიგებელი დირკ შუსტერი დასახელდა. ავტორიტეტული გამოცემა “კიკერის” მოწყობილ გამოკითხვაში შუსტერმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და თვით პეპ გვარდიოლასა და ტომას ტუხელს აჯობა.
“დარმშტადტის” თავკაცმა მთლიანობაში 256 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე გასულმა ტუხელმა კი – 134. რაც შეეხება გვარდიოლას, რომელიც ბუნდესლიგაში უკვე აღარ მუშაობს, იგი მესამე ადგილზე გავიდა 54 ხმით.
დირკ შუსტერის დამოძღვრილმა “დარმშტადტმა”, რომელიც დებიუტანტი იყო, გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ჩინებულად იბურთავა და მთავარი მიზანიც შეასრულა – არ გავარდნილა.
შეგახსენებთ, 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ბუნდესლიგაში დიტერ ჰეკინგი დასახელდა, როდესაც “ვოლფსბურგი” მეორე ადგილზე გაიყვანა.