კალათბურთი

15:18 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორია: +49 შვეიცარიასთან

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის პირველ მოსამზადებელ ეტაპს სებულ კურორტ ზლატიბორში გადის, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და შვეიცარია 109:60 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ ბოგდან ტანიევიჩის შეგირდებმა მანამდე უნგრეთს 3-ჯერ (71:56, 77:70, 77:60) სძლიეს, იმავე შვეიცარიას კი 76:52 მოუგეს, ამდენად, ეს, ჩერნოგორიელთა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო.

გასულ შეხვედრაში ტანიევიჩმა საქმეში 13 კალათბურთელი ჩართო და უქულოდ თამაში არცერთს დაუსრულებია. ყველაზე შედეგიანი ნემანია დურიშიჩი იყო, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო, ნიკოლა ვუჩევიჩმა და ბოიან დუბლევიჩმა 14-14 ქულა მიითვალეს, ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა დერეკ ნიდამმა და ვლადიმირ მიჰაილოვიჩმა – 13-13, ნემანია ვრანიეშის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო.

ჩერნოგორიის ნაკრები ზლატიბორში შეკრებაზე 17 აგვისტომდე დარჩება, შემდეგ კი მაკედონიაში გაემგზავრება და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებს, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლება.

ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორია საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქეა, ჩვენთვის საინტერესო შესარჩევ ჯგუფში კი სლოვაკეთი და ალბანეთიც ითამაშებენ.

ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 სექტემბერს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

ჩერნოგორია – შვეიცარია 109:60 (31:20, 24:6, 28:16, 26:18)

ჩერნოგორია: დურიშიჩი (15), ვუჩევიჩი (14), დუბლევიჩი (14), ნიდამი (13), მიჰაილოვიჩი (13), ვრანიეში (12), ტოდოროვიჩი (8), პავლიჩევიჩი (5), სუად სეჰოვიჩი (4), რადოვიჩი (3), ივანოვიჩი (3), ნიკოლიჩი (3), რადონჩიჩი (2).

0.129817