კალათბურთი

15:53 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიამ შვეიცარიასაც იოლად აჯობა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს უმთავრესია მეტოქეა, მომავალი ბატალიებისთვის მზადების ციკლში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ბოგდან ტანიევიჩის შეგირდებმა უნგრეთს მიჯრით სამ საკონტროლო შეხვედრაში სძლიეს (71:56, 77:70 და 77:60), გუშინ კი შვეიცარიის ეროვნულ გუნდსაც იოლად აჯობეს – 76:52.

ყველა აღნიშნული მატჩი სერბეთის სამთო კურორტ ზლატიბორში შედგა, სადაც ჩერნოგორიელები პირველი შეკრების გასავლელად არიან წასულნი. შვეიცარიასთან თამაშში საუკეთესონი ჩერნოგორიელთა ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი დერეკ ნეედამი და ნემანია ვრანიეში იყვნენ, რომელთაც 12-12 ქულა მიითვალეს.

ჩერნოგორიის ნაკრები ზლატიბორში შეკრებაზე 17 აგვისტომდე დარჩება და 13 აგვისტოს შვეიცარიასთან კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

შემდეგ ჩერნოგორიელები მაკედონიაში გაემგზავრებიან და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლებათ.

ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთი ითამაშებენ.

ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 სექტემბერს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

ჩერნოგორია – შვეიცარია 76:52 (19:12, 25:21, 15:11, 17:8)

ჩერნოგორია: ნეედამი (12), ვრანიეში (12), დუბლევიჩი (10 ქულა, 7 მოხსნა), ვუჩევიჩი (10), დაშიჩი (9 ქულა, 5 მოხსნა), სუად სეჰოვიჩი (5), ივანოვიჩი (5), პოპოვიჩი (4), პავლიჩევიჩი (3), რადონჩიჩი (3), ტოდოროვიჩი (3).

0.118704