მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი კრიშტიანუ რონალდუ კუნძულ მადეირაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
კუნძულზე ცეცხლი ტყეს გაუჩნდა, შემდეგ კი რონალდუს მშობლიური ქალაქი ფუნშალიც დააზარალა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი, 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სერიოზული ზიანი მიადგა ქალაქის მნიშვნელოვან შენობებსაც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რონალდუ უკვე დაუკავშირდა რეგიონის ხელმძღვანელობას და ფინანსური დახმარება შესთავაზა.
“ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რაც მადეირაზე ხდება. გამძლეობას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი მეხანძრეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, რათა სხვები გადაერჩინათ. მე თქვენთან ვარ!” - წერს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პორტუგალიელი ვარსკვლავი.