მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიურ თამაშებს მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა. 23 წლის სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში, პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ რენზო აგრესტას ძალიან ადვილად აჯობა - 15:3. შემდეგ კი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (გუნდურ ჩათვლაში), სამხრეთკორეელ კიმ ჯუნგვანს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, 14:15 დამარცხდა.
ჯუნგვანი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან უნგრელ არონ სზილაგისთან 12:15 წააგო. ამ უკანასკნელმა ფინალში ამერიკელ დარილ ჰომერს აჯობა - 15:8. სამხრეთკორეელმა კი საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, ირანელი მოიტაბა აბედინის ძლევით (15:8).
"მჯეროდა, გავიმარჯვებდი, მაგრამ სამწუხაროდ, პირველი ოლიმპიური თამაშები ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა. იღბალმაც ზურგი მაქცია - ხელი ტექნიკურმა ხარვეზმაც შემიშალა. ეს იმედგაცრუება ჩემთვის სამომავლოდ კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. შემდეგი ოლიმპიადისთვის უფრო დიდი მონდომებით მოვემზადები” – უთხრა სანდრო ბაზაძემ worldsport.ge-ს.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში