ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თანაც იქ ერთ-ერთი ლიდერის რანგში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ სალუქვაძეს პირველი ეტაპის შემდეგ, მხოლოდ 289 ქულა (95, 97, 97) ჰქონდა და 40 სპორტსმენს სორის მე-17 ადგილზე იმყოფებოდა, სწრაფ სროლაში ანუ რაპიდში კი დიდებულად იასპარეზა.
ნინომ ამჯერად 97, 98 და ბოლოს საერთოდაც სუპერ შედეგი – 100 ქულა (ათივე ათიანი) მიითვალა. შედეგად ეს 295 ქულა გამოვიდა, ჯამში კი ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს 584 ქულა მოუგროვდა და მე-17-დან ერთბაშად მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ისიც სათქმელია, რომ ასეთივე მონაგარი ჰქონდა ბერძენ ანა კორაკაკისაც, რომელმაც ნინოს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მეორეზე გავიდა, პირველი პოზიცია კი საკმაო უპირატესობით ჩინელმა ჯინგჯინგ ჟანგმა (592 ქულა, ოლიმპიური რეკორდი) დაიკავა.
ხსენებული სამეულის გარდა, ნახევარფინალში კიდევ 5 ტყვიის მსროლელი გავიდა: მონიკა კარში (გერმანია, 583), ანტოანეტა ბონევა (ბულგარეთი, 583), სუკ იონ იო (ჩრდილოეთ კორეა, 582), ჰეიდი დიეტემ გერბერი (შვეიცარია, 582) და ეკატერინა კორშუნოვა (რუსეთი, 582).
რიოს ოლიმპიური სროლის ცენტრში ნახევარფინალური ეტაპი სტარტს თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს.