საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამარის “კრილიას” მეკარე გიორგი ლორიამ განაცხადა, რომ ახლოს იყო ათენის აეკ-ში გადასვლასთან. აეკ-ს კი, როგორც იცით, თემურ ქეცბაია წვრთნის. ლორიამ ბერძნულ gazzetta-სთან ისაუბრა:
“არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ აეკ-ში გადასვლა რეალური იყო. ვიცი, რომ ქეცბაიას სურდა ჩემი წაყვანა. მეც სურვილი მქონდა, რომ მეთამაშა მის გუნდში. აეკ-ი სერიოზული კლუბია, ბრწყინვალე ქომაგები ჰყავს. ეს ფეხბურთია, არ იცი რა მოხდება ხვალ და ზეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, თემურს მადლობა ნდობისთვის. მას წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ამას იმსახურებს”.
ლორიამ აღნიშნა, რომ “კრილიაში” თამაშითაც კმაყოფილია.
“კონტრაქტის გაგრძელებით კმაყოფილი ვარ. რუსეთში ცხოვრება ისეთი ვერ არის, როგორც საბერძნეთში, სადაც თბილა, მზეა, ზღვაა. მიყვარს საბერძნეთში ცხოვრება, განსაკუთრებით კრეტაზე, სადაც ოფი-ში თამაშისას ვიყავი. ჩემი მიზანია, რომელ კლუბშიც ვარ, მაქსიმალურად დავეხმარო და კიდევ უფრო უკეთ ვითამაშო”.
პაოკ-ისა და თბილისის “დინამოს” დაპირისპირებებზე. ლორია “დინამოში” კარგა ხანს თამაშობდა (ოფი-ში მშვენივრად ირჯებოდა), შემდეგ კი საბერძნეთის ლიგაში იყო და ბუნებრივია, პაოკ-საც კარგად იცნობს:
“ორივე მატჩი რთული იქნება ორივე გუნდისთვის. ქაღალდზე შანსები სხვაა, მინდორზე კი 50/50-ზე. “დინამო” ჩემთვის მშობლიური კლუბია და უზომოდ მიყვარს, ამიტომაც, რა თქმა უნდა, დინამოელებს ვქომაგობ წყვილში”.
გიორგის ჰკითხეს, ხომ არაა მოსალოდნელი მისი დაბრუნება საბერძნეთში, რაზეც უპასუხა, რომ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული და ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება.