კალათბურთი

16:00 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიამ უნგრეთი უდანაკარგოდ გაიარა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა უნგრელებს სამ დღეში მე-3 საკონტროლო მატჩი მოუგო. შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველთა უმთავრესი მეტოქეები არიან, ამდენად, მათი შედეგებისთვის თვალის მიდევნება განსაკუთრებით საინტერესოა. ევრობასკეტ-2017

ჩერნოგორიელთა გამოცდილ მთავარ მწვრთნელ ბოგდან ტანიევიჩს შეგირდები სერბეთის სამთო კურორტ ზლატიბორში ჰყავს წაყვანილი და უნგრელებიც იქ ჰყავდა მიწვეული. ჩერნოგორიის ნაკრებმა მეტოქეს პირველ შეხვედრაში 71:56 სძლია, შემდეგ 77:70 მოუგო, მე-3 მატჩში კი 77:60 (19:6, 20:17, 23:18, 15:19) დაამარცხა.

დასკვნით მატჩში ტანიევიჩმა თავის გამოჩენის საშუალება უფრო მეტად იმ კალათბურთელებს მისცა, რომლებიც სათადარიგოებაც მოიაზრებიან და მათ მწვრთნელს იმედები არ გაუცრუეს.

საუკეთესო ნემანია ვრანიეში იყო, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო და თამაში 13 ქულით დაასრულა. ზორან და დანილო ნიკოლიჩებმა 11-11 ქულა მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი აქტივში 6 მოხსნაც ჩაიწერა.

ჩერნოგორიის ნაკრები ზლატიბორში შეკრებაზე 17 აგვისტომდე დარჩება და კიდევ ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 10 და 13 აგვისტოს – შვეიცარიასთან.

შემდეგ ჩერნოგორიელები მაკედონიაში გაემგზავრებიან და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლებათ.

ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთი ითამაშებენ.

ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 აგვისტოს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

ჩერნოგორია – უნგრეთი 77:70 (15:10, 20:26, 21:15, 21:15)

ჩერნოგორია: ვრანიეში (13), ზ.ნიკოლიჩი (11), დ.ნიკოლიჩი (11), დურიშიჩი (10), ტოდოროვიჩი (10), მარაში (7), პოპოვიჩი (6), პავლიჩევიჩი (5), რადონჩიჩი (4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114703