ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედს” სადებიუტო შეხვედრაშივე ტიტული მოაგებინა. შვედმა გიგანტმა გუშინ, ინგლისის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონ “ლესტერს” 86-ე წუთზე თავური დარტყმით გაუტანა. როგორც 35 წლის ვეტერანმა მატჩის შემდეგ განაცხადა, “მანჩესტერი” ყველაზე დიდი გუნდია მათ შორის, სადაც აქამდე უთამაშია.
“ეს ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო “იუნაიტედში” და 33-ე ტიტული მოგივე კარიერაში იმ სკუდეტოებსაც თუ ჩავთვლით, რომელიც “იუვენტუსში” დაუმსახურებლად ჩამოგვართვეს. “მანჩესტერ იუნაიტედი” ალბათ ყველაზე დიდი გუნდია, სადაც აქამდე მითამაშია. ერთადერთი კლუბი, რომლის ამ დონეზე დაყენება შემიძლია, “მილანია”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, იბრას კარიერის განმავლობაში “მალმიოს”, “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონას”, “მილანისა” და პსჟ-ს ღირსება დაუცავს. “მანჩესტერ იუნაიტედს” კი იგი მიმდინარე ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.