ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ გასულ სეზონში მისი გუნდის მყარი საფუძველი შეიქმნა, რომელსაც დანგრევის საფრთხე არ ემუქრება, ახალ სეზონში კი მშენებლობა გაგრძელდება. ასე უპასუხა იტალიელმა სპეციალისტმა “ლესტერისა” და 2014-2015 წლების სეზონის ჩემპიონ “ჩელსის” შორის შედარების შესახებ დასმულ კითხვას. 2015 წელს გაჩემპიონების შემდეგ არისტოკრატებს ჩავარდნა დაეწყოთ და პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-10 ადგილს დაჯერდნენ.
“თუკი მე რამე ავაშენე, ამ კონსტრუქციის დანგრევა უკვე შეუძლებელია. ჩემი ფილოსოფია ასეთია - მთელი ყურადღება დავუთმო ჩემს მოქმედებებს და არა სხვებისას. ჩემს სახლში სისუფთავე და წესრიგი სუფევს. ჩვენ ძალიან მყარი საძირკველი შევქმენით და ვეცდებით უკვე პირველი და მეორე სართული ავაშენოთ. მე არ ვიცი რა დაემართა “ჩელსის” გაჩემპიონების შემდეგ” - ციტირებს რანიერის სიტყვებს Sky Sports-ი.