კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი მარლოს მორენო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 19 წლის მოთამაშესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ის ახალ სეზონს იჯარის წესით ესპანურ “დეპორტივოში” გაატარებს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერელებმა მორენოს აწ უკვე ყოფილ კლუბს “ატლეტიკო ნასიონალს” ამ ტრანსფერში 4,75 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.
მორენო “ატლეტიკო ნასიონალის” აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2014 წლიდან თამაშობდა. ახალგაზრდა შემტევმა ევროპული კლუბების ყურადღება ამ ზაფხულს აშშ-ში გამართულ კოპა ამერიკაზე თამაშისას მიიქცია, სადაც კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მიითვალა.