ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს უმთავრესი მეტოქეა, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და უნგრეთი 71:56 (18:9, 22:18, 19:16, 12:13) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელთა გამოცდილმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა გუნდი პირველ შეკრებაზე სერბეთის სამთო კურორტ ზლატიბორში წაიყვანა და უნგრელებთან სპარინგიც იქ დაგეგმა.
გასულ მატჩში ჩერნოგორიელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ, თუმცა, საბოლოოდ 15 ქულაზე მეტი სხვაობა არ დაფიქსირებულა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო “ორლანდო მეჯიქის” 25 წლის ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ჩერნოგორიელთა ახალმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა დერეკ ნიდამმა 11 ქულა ჩააგდო, ხოლო ვლადიმირ დაშიჩმა 10 ქულა ჩააგდო.
ჩერნოგორიის ნაკრები ზლატიბორში 17 აგვისტომდე დარჩება და კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 7 აგვისტოს – ისევ უნგრეთთან, ხოლო 10 და 13 აგვისტოს – შვეიცარიასთან.
შემდეგ ჩერნოგორიელები მაკედონიაში გაემგზავრებიან და 17-19 აგვისტოს სკოპიეს ტურნირში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ეყოლებათ.
ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელის. ტანიევიჩის შეგირდები სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთი ითამაშებენ.
ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 აგვისტოს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.
ჩერნოგორია – უნგრეთი 71:56 (18:9, 22:18, 19:16, 12:13)
ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (14 ქ. 13 მ.), ნიდამი (11 ქ.), დაშიჩი (10 ქ.), დურიშიჩი (8 ქ.), სუად სეჰოვიჩი (6), რადოვიჩი (6 ქ.), ვრანიეში (6 ქ.), ივანოვიჩი (4 ქ.), ტოდოროვიჩი (3 ქ.), მიჰაილოვიჩი (3 ქ.).