ფეხბურთი

19:24 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს მწვრთნელი შეეცვალა

მოსკოვის “სპარტაკს”, რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ასპარეზობს, მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კვიპროსულ აეკ-თან ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ დიმიტრი ალენიჩევმა თავად მიმართა ხელმძღვანელობას თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით, რაზეც თანხმობა მიიღო. ასევე გაირკვა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მასიმო კარერა შეასრულებს, რომელიც ალენიჩევის სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა.

ალენიჩევი “სპარტაკს” გასული წლის ზაფხულიდან თავკაცობდა, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით რუსეთის პრემიერლიგის განვლილი სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. “სპარტაკმა” აეკ-თან სტუმრად გამართულ მატჩში 1:1 ითამაშა, მოსკოველთაგან გოლი ჯანო ანანიძემ გაიტანა და გუნდს თითქოს პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაჭირვებოდა, თუმცა საპასუხო შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და ევროტურნირებს გამოეთიშა. მოსკოვში გამართულ მატჩშიც ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია.

0.122651