სხვა

14:01 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოდან: კახი კახიაშვილის დღიურები

დღეს, რიოში ოლიმპიადა გაიხსნება. დღესვე, ბრაზილიაში ჩვენი დელეგაციის მეორე ნაწილი ჩავა. რიოში იქნებიან ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. ვაგრძელებთ რიოს დღიურებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კახი კახიაშვილთან.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „რიოში უკვე ერთი კვირაა ვართ. აკლიმატიზაცია გავიარეთ. ყველა კარგად არის. მიდის ვარჯიშები. ამ პერიოდში არავის არ მიუღია ტრავმა, არავინ არ გახდა ავად. ყველაფერი მშვენივრად აეწყო“.

გიორგი ჩხეიძეზე

„გიორგი ვარჯიშობს, საკუთარ თავზე მუშაობს. ახალგაზრდაა, მონდომებული და სასიამოვნოა, რომ უფროსების, მწვრთნელების ყველა რჩევას ითვალისწინებს. ძალიან მალე შემოგვიერთდებიან ლაშა, ირაკლი და გია ასანიძე. ეს ჩვენს ნაკრებს ბოლომდე შეკრავს. ჩვენი გუნდი გამოსვლას 15-16 აგვისტოს დაიწყებს. მანამდე ვარჯიშები იქნება“.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე

„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მთელი ჩვენი დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პირველი პირის ენთუზიაზმს, მონდომებას. ეს ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია არის. ძალიან საინტერესო, ემოციური შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტმა გვისურვა წარმატება. ვეცდებით, მისი სურვილი, მისი თხოვნა შევასრულოთ“.

ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალზე

„გაიხსნა ოლიმპიურ თამაშებზე დაღუპული სპორტსმენების, ოლიმპიური დელეგაციის წევრების მემორიალი. ამ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც გაიხსნა ჩვენი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალური დაფა“.

აკლიმატიზაცია და ორგანიზაცია

„ბევრი ნიუანსი ძალიან ცუდად არის ორგანიზებული. პირველ დღეებში, აქ, ოლიმპიურ სოფელში იყო პრობლემები, რაც პროცესში მოგვარდა. ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით და იგივეს გავაკეთებთ, როდესაც რიოში ჩვენი დელეგაციის მეორე, შემდეგ კი მესამე ჯგუფები ჩამოვლენ. დღეს შემოგვიერთდებიან ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

განწყობა

„რა თქმა უნდა, მთავარია, განწყობა. სპორტსმენს ოლიმპიადის დროს ძალა არც მოემატება და არც – დააკლდება. სპორტსმენი უნდა ენდობოდეს საკუთარ თავს. უნდა აქცევდეს ყურადღებას ყველა უმნიშვნელო დეტალს. ეს წარმატების მთავარი ხელშემწყობია. ვეცდებით, რომ ჩვენი სპორტსმენები ყველაზე მაგრად მომზადებულები შეხვდნენ გამოწვევას“.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

0.120057