ძიუდო

1:41 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

რიოში ძიუდოს ოლიმპიური ტურნირის წილისყრა შედგა, რომელიც გასაგებ მიზეზთა გამო, ქართველ გულშემატივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 8 სპორტსმენით (7 ვაჟი, 1 ქალი) იქნება წარდგენილი.

6 აგვისტოს, ტურნირის საწყის დღეს საქმეში ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) ჩაებმება, რომელიც პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი ძალებს კანადელ სერჯიო პესოასთან მოსინჯავს. მოსალოდნელია, რომ ქართველ ძიუდოისტს მეოთხედფინალამდე მისვლის პრობლემა არ ექნება, იქ კი, სავარაუდოდ, იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო ელის.

7 აგვისტოს ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გავა, რომელსაც ცუდი წილისყრა ნამდვილად არ შეხვდა. საწყის წრეში ვაჟაც თავისუფალია, შემდეგ კი სლოვენიელ ადრიან გომბოკთან ჭიდილი ელის. თუკი მოულოდნელი არაფერი მოხდა, მარგველაშვილი მეოთხედფინალში თავისუფლად უნდა გავიდეს, სადაც დიდი ალბათობით, რუს მიხაილ პულიაევთან პაექრობა მოუწევს.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ასპარეზობას 8 აგვისტოს შედგება. ლაშა პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორეში კუბელ მაგდიელ ესტრადას და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის უმჯობესს დაელოდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, სავარაუდოდ, იაპონელი შოჰეი ონო ელის.

9 აგვისტოს ოლიმპიურ ტატამზე პირველი განთესვით გავა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.). საწყის რაუნდში ისიც თავისუფალია, შემდეგ კი, ძალებს კუბელ უვან ფელიპე სილვა მორალესთან მოსინჯავს. სავარაუდოა, რომ მერვედფინალში ავთოს პირისპირ ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი დადგება, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს და რომან მუსტოპულოსის სახელით ირჯება. თუკი ჭრიკიშვილმა მასაც აჯობა, მეოთხედფინალში ბელგიელ იოახიმ ბოტიეს უნდა ელოდეს.

ოლიმპიადაზე 10 აგვისტოს, ერთ-ერთი ფავორიტის რანგში წარსდგება ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ). ცხადია, პირველ ეტაპზე ისიც ისვენებს, შემდეგ კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან დაპირისპირება მოუწევს. ვარლამს მეოთხედფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ჰყავს, იქ კი, ვის უნდა ელოდეს, ძნელი პროგნოზირებადია. ბადის ქვედა ნაწილში დაახლოებით თანაბარი ძალის ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი), ეშლი გონსალესი (კუბა) და ქუედაუ ნჰაბალი (უკრაინა) არიან.

ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედებით ელის ბექა ღვინიაშვილის (100 კგ.) ასპარეზობასაც, რომელიც რიოს ტატამზე 11 აგვისტოს გავა. ბექა საწყის წრეს ტოვებს, მეორეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ბენჯამინ ფლეტჩერს გაეჯიბრება. ნიჭიერ ქართველ ძიუდოისტს ამ ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს, რა შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვზე გავა. თუკი ღვინიაშვილმა წინსვლა განაგრძო, მეოთხედფინალში, დიდი ალბათობით, ან ფრანგი სირილ მარე ელის ანაც ჰოლანდიელი ჰენკ გროლი.

ვაჟთა ნაკრებში ყველაზე მძიმე წილისყრა მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს ერგო, რომელიც პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაეჭიდება. თუკი მას აჯობა, ადამს სავარაუდოდ, თანამემამულე უშანგი კოკაურთან მოუწევს საქმის გარკვევა, რომელიც რამდენიმე წელია აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტის ბადის ქვედა ნახევრიდან უნგრელ ბარნა ბორს და ტუნისელ ფაისელ ჯაბალას გამოვარჩევთ, თუმცა, მეოთხეფინალამდე მისვლისთვის, ადამს ბევრი ოფლისღვრა მოუწევს.

საქართველოს წარმომადგენელ ერთადერთ ქალ ძიუდოისტ ესტერ სტამს (70 კგ.) საქმეში 10 აგვისტოს ვიხილავთ და მას ძალიან რთული გზის გავლა მოუწევს. სტამი საწყის რაუნდშივე ძლიერ მონღოლ ნარანჯარგალ ცენდ-აიუშს დაუპირისპირდება, შემდეგ კანადელი კელიტა ზუპანჩიჩი მოდის, ბადის ზედა ნაწილში კი პირველი განთესვის მქონე ჰოლანდიელი კიმ პოლინგი და იაპონელი ჰარუკა ტაჩიმოტო არიან. მოკლედ, თუკი ესტერმა ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, ეს ნამდვილი გმირობა იქნება.

წილისყრის შედეგების სრულად აღსაქმელად მათ ფოტოების სახით გაჩვენებთ. შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტების შანსების შესახებ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ.

0.189041