ჩოგბურთი

19:09 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ოლიმპიადის პირველ წრეში კუევასს ეთამაშება

24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასს ეთამაშება.

ბასილაშვილი 30 წლის სამხრეთამერიკელს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 21-ე ადგილი უკავია, კარიერაში პირველად ეთამაშება და ცხადია, ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ თავად ნიკოლოზი კლასიფიკაციაში 109-ეა.

თუკი ბასილაშვილმა საწყისი ბარიერი დასძლია, 1/16-ფინალში ძალებს იამაიკელ დასტინ ბრაუნსა და ბრაზილიელ ტომაზ ბელუჩის შორის უმჯობესთან მოსინჯავს.

სულ ოლიმპიურ საჩოგბურთო ტურნირში, რომელიც 6-14 აგვისტოს ჩატარდება, მონაწილეობას 64 მოთამაშე მიიღებს, პირველივე რაუნდში კი უაღრესად საინტერესო დაპირისპირება გველის: მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ექს-მეოთხე ჩოგან არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ეთამაშება.

0.111469