თელავში ზედიზედ მე-2 10-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც ქართველ ჩოგბურთელთა ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა, საკვალიფიკაციო ბადე 7 მასპინძლიდან (ნიკოლოზ დავლიანიძე, მიხეილ ხმიადაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, ირაკლი მეტრეველი, ზურა ტყემალაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ვაჟა შუბლაძე) ვერცერთმა დასძლია.
ამგვარად, ასპარეზობას მხოლოდ ის ქართველები აგრძელებენ, რომლებიც პირდაპირ ძირითად ბადეში იყვნენ დაშვებულნი. საწყის რაუნდში გიორგი ცივაძე პოლონელ ბარტოშ ვოინარს ეთამაშება, შოთა მეფარიძე უზბეკ შონიქმატჯონ შოფაიზიევს გაეჯიბრება, ალექსანდრე ბაკშის მეტოქე კი მე-6 ნომრად განთესილი უნგრელი გაბორ ბორსოსი იქნება.
წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი და მეტრეველი ფრანგებს – პეტის და უბიერგოს ეთამაშებიან, ბაკში და მეფარიძე გერმანელ ჰაენლეს და ბრაზილიელ სილვას გაეჯიბრებიან, შუბლაძე და აზერბაიჯანელი გულიევი ძალებს უკრაინელებთან (ბიელინსკი-პრიჰოდკო) მოსინჯავენ, ხოლო ცივაძე და ხსენებული შოფაიზიევი გერმანელ პრესს და ვოინარს დაუპირისპირდებიან.