კალათბურთი

3:02 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები მზადაა და პორტუგალიას პოდჩეტრტეკში ელის (+VIDEO)

დღეს, 18:00 საათზე, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ორივე ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სლოვენიაში გადის, თუმცა ნომინალურ მასპინძლად საქართველო ითვლება, რადგან მატჩი იმ დარბაზში გაიმართება, სადაც ილიას ზუროსის გუნდი 16 ივლისიდან ემზადება.

პორტუგალიის ნაკრები შეკრებას ლაშკოში გადის, რომელიც ქართველების ბანაკ პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით 1 საათის სავალზეა. ქართველები პოდჩეტრკეტში მიჯრით მეოთხე ზაფხულია იკრიბებიან და შეიძლება ითქვას, „ტერმე ოლიმიას“ კომპლექსი მათთვის მშობლიურივითაა.

პორტუგალიასთან მატჩი იქნება ევროშესარჩევ ტურნირამდე დაგეგმილი 10 მოსამზადებელი შეხვედრიდან პირველი. შესაბამისად, მის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ექნება და წინა პლანზე წამოწეული მთავარი მწვრთნელის დებიუტი, გუნდთან მორგება და იმ ტაქტიკა-კომბინაციების სწორად შესრულება იქნება, რაზეც ილიას ზუროსი ჩვენს ნაკრებს ორ კვირაზე მეტია, ავარჯიშებს.

მატჩს სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება და იწარმოებს სტატისტიკა. შეხვედრა დახურული ხასიათისაა, ორივე ნაკრებისთვის პირველია მიმდინარე ციკლში და სწორედ ამ მიზეზთა გამო მისი ვიდეო-ტრანსლაცია არ განხორციელდება. საქართველოს ნაკრები შეკრებაზე 14 კალათბურთელით იმყოფება და პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში ყველა მათგანი იქნება, ხოლო მოედანზე ვინ გავა, ამას ქართველების ბერძენი მწვრთნელი გადაწყვეტს.

ილიას ზუროსმა ნაკრები მატჩის წინა დღეს, ძირითადად კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. სრულ მზადყოფნაშია თორნიკე შენგელია, რომელსაც რამდენიმე დღე სხვადასხვა მიზეზის გამო გაუცდა. უმშიშვნელო ტრავმები ზოგიერთ მოთამაშეს აწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმთა შტაბის წარმომადგენელ ზაქრო ჯვარიძის განცხადებით, მდგომარეობა კონტროლქვეშაა.

2 აგვისტოს ნაკრებს ვარჯიში არ აქვს. ილია ზუროსი ვიდეო-მიმოხილვით შემოიფარგლება და 18:00 საათზე მიმდინარე ციკლის პირველ მოსამზადებელ მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.

www.gbf.ge

0.155985