რიოს ოლიმპიურ სოფელში დიდი ხალხმრავლობაა – სოფლის “სტაჟიან” მობინადრეებს ყოველდღიურად ემატება ოლიმპიელთა ახალ-ახალი ნაკადი პლანეტის ყველა კუთხიდან. საბოლოოდ, აქ თავს მოიყრის 17 ათასამდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მისიების წარმომადგენლობა, ტექნიკური პერსონალი.
საქართველოს დელეგაცია მორიგ შევსებას 4 და 5 აგვისტოს მიიღებს. თბილისიდან 4 აგვისტოს გამოფრინდებიან და მეორე დღეს, დილის 5 საათზე რიოში იქნებიან ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები, ძალოსნები – ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, აგრეთვე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
იმავე დღეს მოფრინავენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა. ერთი დღით ადრე ჩამოვა მოცურავე ირაკლი რევიშვილი. ჩვენი გუნდი ბოლო შევსებას 9 აგვისტოს მიიღებს – თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებთან ერთად რიოში ჩამოვა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ოლიმპიური საგზური ბოლო მომენტში მიიღო.
მანამდე, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი: 31 ივლისს ჩვენს ოლიმპიელებს შეხვდება საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამშრომლებთან ერთად. იმავე დღეს ქართველ ოლიმპიელთა პირველი ჯგუფი დილის ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრება რიოს ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას – კორკოვადუს მთაზე, სადაც აღმართულია ქრისტეს 38-მეტრიანი ქანდაკება.
2 აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში გაიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონიალი, ორი დღის შემდეგ კი ოლიმპიურ სოფელს მოინახულებს და ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (ამ შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად ოლიმპიურ სოფელში უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები).
მერე უკვე ოლიმპიადის საზეიმო გახსნისა და დიდი სპორტული ბატალიების ჯერი დგება. 5 აგვისტოს, სწორედ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის წინ, სამბადრომზე შედგება მშვილდოსანთა სარეინტინგო შეჯიბრება, რომლის შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან როგორც – ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტურნირის მონაწილეები.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 64 მშვილდოსანი ქალი ჩაებმება, გუნდური მედლებისთვის კი 16 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს გუნდის წევრი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა ამბობს, რომ სარეიტინგო რაუნდს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც რაც უფრო მაღალ შედეგს აჩვენებ, მით უფრო სუსტი მეტოქე გეყოლება პირველ წრეში. ჩვენი მშვილდოსნები ყოველდღიურად სტუმრობენ სამბადრომს და სწორე იმ არენაზე ვარჯიშობენ, სადაც ძირითადი ოლიმპიური შეჯიბრება გაიმართება.
ბატუტზე მხტომელთა და მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საწვრთნელი დარბაზები ოლიმპიური სოფლიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. ლუბა გოლოვინასთვის (ბატუტზე ხტომა) ეს უკვე რიგით მესამე ოლიმპიადაა, სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) კი პირველად გამოვა ოლიმპიურ თამაშებზე. მხატვრული ტანვარჯიშის პირად შეჯიბრებაში მხოლოდ მრავალჭიდში გათამაშდება მედლები.
სალომე ფაჟავას იმედი აქვს, რომ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაში ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს ფავორიტებს. ლუბა გოლოვინა ფიქრობს, რომ ფინალში აუცილებლად მოხვდება, იქ კი რთული პროგრამით გამოვა, რომელიც სპეციალურად ამ ოლიმპიადისთვის მოამზადა. ინტენსიურად ვარჯიშობენ ჩვენი მძლეოსნები, რომელთაგანაც 12 აგვისტოს სტარტს პირველი სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა აიღებს.
www.geonoc.org.ge