ფეხბურთი

14:12 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი სამშობლოში ბრუნდება

იტალიურ “მილანს” ჟერემი მენეზი ტოვებს. როგორც ფრანგული ტელეარხი “კანალ პლიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, ფრანგი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში, კერძოდ “ბორდოში” გააგრძელებს. 29 წლის ფორვარდი ჟირონდელებთან სამწლიან კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს.

წყაროს თუ ვენდობით, მენეზმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და შესაბამისად, ყველაფერი გადაწყვეტილია. ჟერემის “მილანთან” კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.

ჟერემი მენეზი “როსონერიში” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და დღემდე 46 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას გასული სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა ტრავმის გამო. ფრანგ ფეხბურთელს სამშობლოში აქამდე “სოშოს”, “მონაკოსა” და “პარი სენ ჟერმენის” ღირსება დაუცავს.

0.127683