კვირას დასრულდა ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი. კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ლიტვა და ესპანეთი შეხვდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს არც ქალთა და არც ვაჟთა ევრობასკეტი არ იმართება, 20-წლამდელთა ჩემპიონატი სეზონის ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრება გახლდათ.
სწორედ ამ ტურნირის სატიტულო მატჩის კომისარი იყო მერაბ რატიშვილი, რომელიც 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაწყების დღიდან მუშაობდა და გადამწყვეტი მატჩის მომსახურების პატივიც სწორედ მას ერგო.
წლებია, მერაბ რატიშვილი ფიბა-ს კომისარია და საერთაშორისო მატჩებს ემსახურება, თუმცა ასეთი მაღალი რანგისა და მნიშვნელობის მატჩზე მუშაობის საშუალება პირველად მიეცა, რაც ქართული სამსაჯო კორპუსისა და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. რატიშვილთან ერთად ლიტვისა და ესპანეთის ფინალურ მატჩს მოემსახურნენ არბიტრები - ოლეგს ლატიშევსი (ლატვია), ზაფერ ილმაზი (თურქეთი) და ანე პანტერი (გერმანია).
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გაირკვა. მსაჯთა და კომისრის მხრიდან გამოვლენილი დიდი პროფესიონალიზმის წყალობით მატჩმა კორექტულად და გართულებების გარეშე ჩაიარა. ევროპის ჩემპიონის ტიტული ესპანელებმა მოიგეს.
www.gbf.ge