სხვა

14:53 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ მაკუუჩის უბრუნდება
“იმპერატორის თასი” ჰარუმაფუჯიმ მოიპოვა

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დასრულებული ივლისის ბაშოს დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება იზეიმა, გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა კი მე-8 მოგება დააფიქსირა და წოდებაში წინსვლა გაინაღდა.

დასავლეთის სეკივაკეს ტიტულით მოასპარეზე ტოჩინოშინმა დასკვნითი შერკინება აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოდაისთან გამართა და ჰატაკიკომით იმარჯვა. ქართველმა სეკიტორმა 9 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, ცხადია, რომ სატიტულო ვარდნა არ ასცდება და სეკივაკეს წოდებას დაკარგავს.

მნიშვნელოვანი მოგება დააფიქსირა გაგამარუმ, რომელიც რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მიითვალა. ქართველმა გოლიათმა გადამწყვეტ შეხვედრაში აღმოსავლეთის მე-7 ნომერ ჩიიოოს ოშიდაშით სძლია და მომავალი ტურნირისთვის, ელიტარულ დივიზიონს უნდა დაუბრუნდეს.

მაკუუჩიში წარმატება მოიპოვა მონღოლმა 70-ე იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ. მან ბაშოს ბოლო დღეს თანამემამულე 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰოს იორიკირით აჯობა და 13 მოგებით “იმპერატორის თასი” დაისაკუთრა.

ცნობისთვის, პროფესიული სუმოს ასოციაციის განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) 29 აგვისტოს გამოქვეყნდება, შემდეგი ბაშო კი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 11-25 სექტემბერს შედგება.

0.116948