იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირის მე-13 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ იმარჯვა, რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში კი თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მოიგო.
ტოჩინოშინისთვის, ეს, მხოლოდ, მე-4 გამარჯვება იყო. სეკივაკეს წოდებით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა შოჰოძანს იორიკირით სძლია, თუმცა, სატიტულო ვარდნაც მაინც ვერ გადაურჩება. გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი აქვს.
ძურიოში კაჩი-კოშისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გაგამარუმ. აღმოსავლეთის პირველი ნომრის სტატუსით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა 6 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება (იორიკირით) აღმოსავლეთის მე-9 ნომერ ჩიიომარუსთან იზეიმა. არადა, ამ უკანასკნელს მანამდე მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა.
გაგამარუ დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაკუუჩის დაუბრუნდება, ამისთვის კი, დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც საკმარისი იქნება. ჯუღელის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-11 ნომერი ამაკაძე იქნება.
ნაგოიას ბაშოზე დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი “იმპერატორის თასისთვის”. ამ დროისთვის 11 გამარჯვებით იოკოძუნა ჰარუმაფუჯი გახლავთ დაწინაურებული, იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კისენოსატო და აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ტაკანოივა კი მას 1 მოგებით ჩამორჩებიან.
ნაგოიას ბაშოს მე-13 დღისს მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 8:35-დან