ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან კარიერის განმავლობაში ზედიზედ 22-ჯერ წაეგო და ნავსის გატეხვა ვერც ივლისის სუპერტურნირზე მოახერხა.
ტოჩინოშინი “თეთრ ფენიქსს” ნაგოიას ბაშოს მე-10 დღეს გადაეყარა, იორიკირით დამარცხდა და 2 გამარჯვების წილ 8 წაგება მოუგროვდა. შედეგად, ქართველმა სეკიტორმა უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა და მომავალ რეიტინგში (ბანძუკე) სეკივაკეს ტიტულს დაემშვიდობება.
არადა, ქართველი სუმოისტი ისტორიულ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო: სახელოვან მეტოქეს მაგრად დაუდგა, რამდენჯერმე დოჰიოს კიდესთანაც მიიმწყვდია, თუმცა, ორთაბრძოლა, რომელიც დაახლოებით 50 წამს გაგრძელდა, მაინც ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა.
ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირა მიტაკეუმი იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი აქვს. მას ლევანი ერთხელ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს.
შეჯიბრის მე-10 დღეს წაიფორხილეს ოძეკი კისენოსატომ და კომუსუბი ტაკაიასუმ. შედეგად, 8-8 მოგებით ბაშოს სათავეში 5 მონაწილე მოექცა: ხსენებული ჰაკუჰო, კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, კისენოსატო, ტაკაიასუ, და დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში თანაბარ ბალანსზე (5 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის 1-ლი ნომრის სტატუსით ირჯება, დასავლეთის მე-6 ნომერ სატოს ცუკიდაშით სძლია.
ნაგოიას ბაშოს მე-11 დღეს გაგამარუ ძალებს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოსინჯავს, სადაც მისი მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება. ამ უკანასკნელს ზურგს მხოლოდ 3 მოგება უმაგრებს.
ნაგოიას ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 13:50-დან