საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საწვრთნელი კემპი ოფიციალურად 17 ივლისს გაიხსნა. სწორედ ამ დღეს ჩაატარა ეროვნული გუნდის ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საკუთრი გეგმის შესაბამისად დატვირთული პირველი სრულყოფილი ვარჯიში. 16 ივლისს, სლოვენიაში ჩასვლის დღეს კი ნაკრების წევრებმა მხოლოდ მსუბუქად ივარჯიშეს.
პოდჩეტრტეკის დარბაზში საღამოს 18:30 საათზე 14 კალათბურთელი შეიკრიბა. ნაკრებს შეუერთდა ნიკა მეტრეველი, რომელიც სლოვენიაში იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც „იუვეკაზერტაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მეტრეველს და თორნიკე შენგელიას ზუროსის ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღიათ – ისინი დარბაზის ტრენაჟორებიან მხარეს იყვნენ და ინდივიდუალურად ემზადებოდნენ.
მწვრთნელების განკარგულებაში მყოფი 12 კალათბურთელი თავდაპირველად ფიზმომზადების სპეციალისტმა, გეორგიოს ვავეცისმა ავარჯიშა და ნაირგვარი მოთელვებით მათ კუნთები დატვირთვებისთვის შეუმზადა. შემდეგ კი ზუროსის ჯერი დადგა, რომელმაც ნაკრების წევრები ნაირგვარ კომპონენტებზე – დაცვაზე, შეტევაზე, სწრაფ პირველ შეტევაზე და რა თქმა უნდა, სროლებზე ავარჯიშა. ზუროსის ვარჯიშები განსხვავებული და სახალისო იყო. ზოგი კომპონენტი რთული გახლდათ და კალათბურთელებს მათ ზუსტად შესასრულებლად დიდი ძალისხმევა და სისხარტე სჭირდებოდათ.
ვარჯიში საჯარიმოებით ჩამთავრდა. ყველას უნდა ესროლა 2-ჯერ და თუ ჩააგდებდა, ვარჯიშს ასრულებდა, თუკი ვერა, რჩებოდა და ჯარიმის სახით, ვარჯიშში დარჩენილ მოთამაშეებთან ერთად მოედანს სირბილით ორჯერ კვეთდა. ბევრი სირბილი ბიჭებს არ მოუწიათ. უმეტესობამ ზუსტად შეასრულა საჯარიმოები და ვარჯიშიც 2 საათის თავზე დასრულდა.
18 ივლისს ნაკრების განრიგი შემდეგნაირია: დილას ფიზმომზადება და რამდენიმე კალათბურთელთან ინდივიდუალური მზადება, საღამოს კი სრული, გენერალური ვარჯიში.
www.gbf.ge