საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ზიმბაბვეს დრამატულ ბრძოლაში 3:2 სძლია და დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
თბილისში გამართული დაპირისპირების საწყისი დღის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო. ბენჯამინ ლოკმა (რეიტინგში 790-ე) გიორგი ცივაძეს (1020-ე) 3:6, 6:0, 7:5, 6:7 (2:7), 6:4 სძლია, ხოლო საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (121-ე) მარკ ფინს (1123-ე) 6:3, 6:3 6:2 მოუგო.
წყვილთა შეხვედრაში ბასილაშვილი და ნოდარ ითონიშვილი (ურეიტინგო) ბენჯამინ და კორტნი ჯონ ლოკების (1602-ე) დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, რამდენიმე მატჩბოლი ვერ გამოიყენეს და 6:3, 6:3, 6:7 (6:8), 4:6, 4:6 წააგეს.
საბედნიეროდ, დღეს მასპინძლებმა ერთეულთა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს და საბოლოოდ, 3:2 მოიგეს. ბასილაშვილმა ბენჯამინ ლოკს 6:3, 6:4, 6:2 სძლია, ხოლო ცივაძემ ფინს აჯობა – 6:3, 7:5, 6:3.