ფეხბურთი

11:15 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: გერმანიამ მეორეც წააგო და ჯგუფში ჩარჩა

გერმანიაში გრძელდება ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი, თუმცა მასპინძელი ნაკრების გარეშე – მართალია, ახალგაზრდა “ბუნდესნაკრებს” მესამე ტურის მატჩი დარჩა ჩასატარებელი ავსტრიასთან, მაგრამ რომ მოიგოს, ჯგუფიდან მაინც ვერ გავა. გვიდო შტრეისბიერის გუნდმა მეორე ტურში პორტუგალიასთან უხვგოლიან და დრამატულ შეხვედრაში წააგო – 3:4.

მასპინძლები თავიდან იგებდნენ, მაგრამ მერე თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ და მხოლოდ მატჩის გადარჩენისთვის მოუწიათ ბრძოლა, რაც ვერ მოახერხეს. ვინაიდან გერმანიის 19-წლამდე ნაკრებს სასტარტო ტურში იტალიის შესაბამის ასაკობრივ გუნდთანაც წაეგო (0:1), ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და ქვეჯგუფში ჩარჩენა ნაადრევად გაინაღდა.

ჯგუფის მეორე მატჩი კი ფრედ დასრულდა – იტალიისა და ავსტრიის ნაკრებებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და აქტივსაც შესაბამისად თითო ქულა შეჰმატეს.

ორი ტურის შემდეგ A ჯგუფს პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებები ლიდერობენ 4-4 ქულით, ავსტრიას 2 ქულა აქვს და მესამეა, ხოლო გერმანია ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში 17 ივნისს, ლიდერები იტალია და პორტუგალია ერთმანეთში ითამაშებენ, ხოლო გერმანელები ავსტრიელ თანატოლებს უმასპინძლებენ.

გერმანია – პორტუგალია 3:4

გოლები: 1:0 ოხსი (12), 1:1 ასუმა (37), 1:2 როდრიგესი (48), 2:2 ოხსი (67, პენ), 2:3 სილვა (70), 2:4 ბუტა (73), 3:4 ოხსი (90, პენ)

იტალია – ავსტრია 1:1

გოლები: 0:1 შლაგერი (21), 1:1 ლოკატელი (24)

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე დღეს მეორე ტურის მატჩები B ჯგუფში გაიმართება, სადაც ჰოლანდია ინგლისს, ხოლო საფრანგეთი ხორვატიას დაუპირისპირდება.

0.161438