ანტონიო კონტე ლონდონის “ჩელსიმ” ოფიციალურად წარადგინა. იტალიელმა სპეციალისტმა ახალ პოსტზე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პირველად უპასუხა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი “ჩელსისთან” ერთად ტიტულების მოგებაა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერლიგა ძალიან რთულად მოსაგები ჩემპიონატია, მაგრამ თუ ფეხბურთელები ამყვებიან, მაშინ შეუძლებელი არაფერიაო.
“უდიდესი სიამოვნებაა ვიყო “ჩელსიში” და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ვიმუშავე, რომ აქ მოვხედრილიყავი. ეს ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი გამოწვევა, ურთულესი ჩემპიონატი.
ინგლისური ენის შესწავლა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ვმუშაობ იმისთვის, რომ გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა. ამ პირველ დღეებში, რაც ფეხბურთელებიდან დავინახე, ბრძოლისუნარიანობა და შემართებაა. – ეს მნიშვნელოვანია. ახალ გუნდში ყოველთვის საჭიროა ფეხბურთელებს ის პოზიციები მოვარგოთ, სადაც თავს უკეთ იგრძნობენ. ყველა მწვრთნელს თავისი ფილოსოფია გააჩნია და მე მინდა, ჩემი ხედვა ახლა “ჩელსის” მოვარგო.
ჯონ ტერი ისევ კაპიტანი იქნება, იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მომწონს მასთან საუბარი, რადგან “ჩელსის” ძალიან კარგად იცნობს და ბედნიერი ვარ, რომ იგი გუნდში დარჩა.
პრემიერლიგაში ექვსი-შვიდი გუნდია, რომელსაც ტიტულის მოგება შეუძლია, თუმცა ეს სიტუაცია მომწონს. იტალიაში ყველაფერი განსხვავებულია – სკუდეტოსთვის მხოლოდ სამი გუნდი თუ იბრძვის. პრემიერლიგა ურთულესი ჩემპიონატია, ყოველთვის მაღალი ტემპია, საჭიროა შედეგის ჩვენება, მაგრამ ამასთან ხარისიხიანი ფეხბურთისაც.
ქომაგებს სურთ ისეთი კლუბის ნახვა, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს – მაგრამ მხოლოდ ერთი გახდება ჩემპიონი და მივულოცავ ნებისმიერს, რომელიც ამას ღირსეულად გააკეთებს. გასული სეზონი “ჩელსისთვის” ნეგატიური აღმოჩნდა, თუმცა ახლა მხოლოდ დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. თუ ფეხბურთელები იბრძოლებენ, ითამაშებენ კარგ ფეხბურთს, მაშინ ჩვენს ქომაგებს ოცნებას რეალობად ვუქცევთ.
ოთხი თუ სამი მცველი? – ეს არაა მნიშვნელოვანი – სამუშაო ბევრია, სამუშაო, რომელიც გამარჯვების გზაზე დაგვაბრუნებს – მუშაობა, მუშაობა, მუშაობა. როდესაც ყოველ კვირას ვიშრომებთ, ჩვენი მიზნებიც შესრულდება.
მოურინიო? – ვფიქრობ, იგი მენტალიტეტით გამარჯვებული მწვრთნელია და ეს ყველამ კარგად ვიცით. მინდა, “სტემფორდ ბრიჯზე” მასავით წარმატებულად ვიმუშავო.
იტალიის ნაკრები? – იტალიის ნაკრებში ფანტასტიური, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთული გზა გავიარე. დიდ სიამოვნებას ვიღებდი თითოეული თამაშისგან და ვარჯიშისგან. ნაკრები იმიტომ დავტოვე, რომ მსურდა ყოველდღიური სამუშაო. დღიდან დღემდე მუშაობა კი, მხოლოდ კლუბშია შესაძლებელი”, - განაცხადა კონტემ წარდგენისას.