ზაზა ფაჩულია ოკლენდში ჩავიდა და „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ შეუერთდა. ქართველმა ცენტრმა, რომლისთვისაც გასული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის 13-წლიან კარიერაში, ნბა-ს ტიტულის მოგების ერთ-ერთ უმთავრესი კანდიდატი გუნდის წევრი გახდა.
ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის“ ოფისში კლუბთან 1-წლიანი და 2,9 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც ქართველი ცენტრი ჟურნალისტებს წარუდგინეს. ფაჩულიას კითხვები დაუსვეს. მას თავდაპირველად გუნდში მოხვედრაზე დაეკითხნენ, რაზეც ზაზამ უპასუხა:
„ცოტა არ იყოს, თეთრი შურით აღვივსე ამ გუნდის მიმართ, როცა გავიგე, რომ კევინ დიურანტი იქ მიდის. თუმცა ერთ დღეში ჩემი „გოლდენ სტეიტში“ გადასვლის ამბავიც შევიტყვე. ეს დიდებული 24 საათი იყო ჩემს. ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ გუნდს ვაინტერესებდი და გამაცნო პირობები. მე ველაპარაკე მწვრთნელ სტივ კერს და მან მითხრა, რომ იმ მომენტისთვის გუნდისთვის პირველი კანდიდატი ვიყავი. ამან აღმაფრთოვანა. ძალიან კარგი განცდაა, როცა ვინმეს უნდიხარ და განსაკუთრებით, როცა „გოლდენ სტეიტის“ დარ გუნდს სურს შენი დამატება“.
ყველასთვის საინტერესოა, რატომ აირჩია ფაჩულიამ 2,9-მილიონიანი კონტრაქტი, როცა ის ბოლო 3 წელია, ყოველსეზონურად 5,2 მილიონს იღებდა. ამ თემაზე ფაჩულიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„მე მივიღე გადაწყვეტილება და ვამაყობ ამით. კმაყოფილი ვარ და არ ვაპირებ, უკან ვიყურო“.
ამერიკულ მედიას აინტერესებს, ოლ სტარის გამოკითხვის დროს რატომ დაუჭირა მხარი ფაჩულიას ცნობილმა მომღერალმა ვაიკლიფ ჯინმა, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით მოკლე მუსიკალური კლიპი გამოაქვეყნა და ხალხს ზაზასთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
„ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ან კარგი ურთიერთობები გვაქვს. როცა მისი სიმღერა გავიგე მოულოდნელობისგან წამოვიყვირე. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“ - განაცხადა ფაჩულიამ.
ამერიკელებს ფაჩულიას არაერთი ბრძოლა ახსოვთ, როცა საქმე სათამაშო სიტუაციას გასცდა და ჩხუბშიც გადაიზარდა. ქართველმა ცენტრმა მის აგრესიულობაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„საერთოდ, ჩხუბის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ როცა შენი გუნდის დახმარებას ცდილობ, ხანდახან არის მომენტები, როცა ზომაზე მეტად აგრესიული უნდა იყო“.
www.gbf.ge