ნაგოიას ბაშოს მე-4 წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი ძურიოში ისევ თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა.
დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი ოძეკი ტერუნოფუჯისთან განიცადა. მონღოლმა სეკიტორმა ქართველს იორიკირით სძლია და ივლისის სუპერტურნირზე ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. აქვე ვთქვათ, რომ ტერუნოფუჯის დარად, ლიდერებში იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატოც იმყოფებიან. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ასევე “მშრალზე” მყოფი კომუსუბი კოტოიუკუ იქნება.
ტურნირიდან მოიხსნა კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ, რომელმაც ხერხემლის ტრავმა ჯერ კიდევ ბაშომდე მიიღო, უშუალოდ შეჯიბრისას კი, მარცხენა ტერფიც დაიშავა და იძულებითი ნაბიჯის გადადგმაც მოუხდა. შედეგად, ბაშოს მე-4 დღეს კაკურიუსთან გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვალა კომუსუბი ტაკაიასუს.
ძურიოს მე-4 დღეს მარცხი შეემთხვა გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის პირველი ნომრის სტატუსით ირჯება, დასავლეთის მე-4 ნომერ სატოიამასთან შიტატენაგეთი წააგო. გაგამარუს მომდევნო შერკინება აღმოსავლეთის მე-3 ნომერ სეიროსთან ელის, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს.