კალათბურთი

23:53 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: “მოედანზე ვარ თუ სათადარიგოთა სკამზე, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

22 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე მომავალი სეზონიდან ესპანეთის უმაღლეს ლიგას (ACB) დაუბრუნდება. ქართველმა ფორვარდმა “ლეიმა ბასკეტ კორუნაში” შედეგიანი სეზონი ჩაატარა, რითაც არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო, არჩევანი კი გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორაზე” შეაჩერა. ბურჯანაძესთან ინტერვიუ ანდორელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

- კარიერის “მორაბანკ ანდორაში” გაგრძელების გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- 15 წლის ასაკიდან, როდესაც ესპანეთში ჩამოვედი, ჩემი მიზანი ACB ლიგაში თამაში იყო. გასულ სეზონში “კორუნამ” საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და წარმატებაში გარკვეული წილი მეც შევიტანე. ამის შემდეგ რამდენიმე წინადადება მივიღე და მათგან საუკეთესო “ანდორასი” იყო. ცხადია, გიო შერმადინსაც ვესაუბრე, რომელსაც კარგად ვიცნობ. მან ყველაფერი მომიყვა გუნდზე, მის ქომაგებზე, მენეჯერზე და ხალხზე, რომელიც “მორაბანკ ანდორაში” მუშაობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე კლუბთან კონტრაქტი გამეფორმებინა. ძალიან აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველი, პირველ მატჩს როდის ჩავატარებ.

- მომავალი სეზონისთვის რა მიზნები გაქვთ?

- ვეცდები, მწვრთნელის მითითებები შევასრულო და გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. მთავარია, წინსვლა განვაგრძო. ახალგაზრდა ვარ და სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს. მჯერა, “ანდორა” განვითარებისთვის შესაფერისი ადგილია.

- შერმადინის ფაქტორი თქვენთვის გადამწყვეტი იყო?

- ცხადია, რაიმე ნაბიჯის გადადგმის დროს პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კარგი რა იქნება. სხვა საქმეა, რომ შერმადინის ფაქტორმა გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა. როდესაც გავიგე, რომ მან კონტრაქტი გააგრძელა, ბევრი აღარ მიფიქრია. ცხადია, ისიც მიხარია, რომ ასეთ დონეზე ქართველ თანაგუნდელთან ერთად ვითამაშებ. შერმადინი კარგი მეგობარი და ნამდვილი პროფესიონალია. ამასთან, ძალიან მხიარული ადამიანიცაა (იცინის).

- თუკი თქვენს კარიერას თვალს გადავავლებთ, წინსვლა აშკარაა.

- გასულ სეზონში ჩემი კარიერისთვის, ალბათ, საუკეთესო შედეგები ვაჩვენე, რაც იმ მუშაობის შედეგია, რაც “კახასოლში” და “კორუნაში” მწვრთნელების დახმარებით გავწიე. ცხადია, მთავარი ამბები წინაა და ყველაფერს გავაკეთებ, რათ წინსვლა განვაგრძო.

- თქვენ იმ კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველთვის დიდი ჟინით თამაშობენ. გასული სეზონის მე-2 ნახევარში “მორაბანკ ანდორას” სწორედ ამგვარი ხასიათი აკლდა...

- შერმადინის გამო, “ანდორას” შედეგებს თვალს ვადევნებდი და მგონი, გუნდის ყველა თამაშს ვუყურე. ცხადია, მაშინ არ ვიცოდი, რომ მალე მის რიგებში მეც ვითამაშებდი. ხასიათზე სწორედ აღნიშნეთ. მოედანზე ვარ თუ სათადარიგოთა სკამზე, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. არ დავმალავ, ბევრი საუბარიც მიყვარს. თანაგუნდელების გამხნევებას ყველანაირად ვცდილობ ხოლმე. სირთულეებთან გამკლავება მიყვარს, ამდენად, ახალ სეზონს ინტერესით ველი. კარგი იქნება, თუკი “მორაბანკ ანდორასთან” ერთად პლეი-ოფში გავალ და იქაც წარმატებას მივაღწევ.

- ხშირად საუბრობენ თქვენს პოზიციაზეც. უფრო მე-3 ნომერი ხართ, თუ – მე-4?

- ოთხ ნომერზე ვთამაშობ და ამის შესახებ საუბარი მწვრთნელთანაც მქონდა, თუმცა, ცხადია, გუნდს იქ დავეხმარები, სადაც დასჭირდება.

- თქვენი საყვარელი კალათბურთელი რომელია?

- პირველ ადგილზე ჩარლზ ბარკლის ვაყენებ. ის საოცრად მებრძოლი კალათბურთელი იყო. კარმელო ენტონიც ძალიან ძლიერია, თუმცა, ბარკლის ვერ შეედრება.

0.106835