კალათბურთის ქართველი ქომაგის ყურადღება მალე სრულად სანაკრებო ბატალიებზე გადაერთვება, მანამდე კი, საინტერესო ისაა, ქართველი ლეგიონერები რომელ კლუბებში “მოეწყობიან”. უკვე გარკვეულია, რომ ესპანეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “ანდორაში” ითამაშებენ გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე. პირველმა მათგანმა გასული სეზონიც ანდორელთა რიგებში გაატარა, მეორე კი ელიტას გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. შერმადინთან ინტერვიუ ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და ქართველმა ცენტრმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
- “ანდორაში” დარჩენა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს ვამბობდი, რომ კონტრაქტის გაგრძელება მსურდა. აქ ისე ვარ, როგორც – სახლში და ჩემი ოჯახიც კმაყოფილია. კალათბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თავს კლუბის სრულფასოვან წევრად გრძნობს.
- “ანდორაში” თქვენი მე-2 სეზონიდან რას უნდა ველოდეთ?
- ახალი გენერალური დირექტორი და მწვრთნელი ახალი გუნდის ფორმირებით არიან დაკავებულნი და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი შემადგენლობა გვეყოლება. ცხადია, გასული სეზონის შედეგის გაუმჯობესება და პლეი-ოფში თამაში გვსურს.
- გასულ სეზონში ჩინებულად გამოიყურებოდით. იმედი გაქვთ, რომ თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებთ?
- წინა სეზონში საკმაო სათამაშო დრო მქონდა და თავი ნამდვილად არ დამიზოგავს. ძნელი სათქმელია, მომავალში რა იქნება. ცხადია, დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე.
- ისიც სათქმელია, რომ მომავალ სეზონში გუნდში ერთადერთი ქართველი კალათბურთელი აღარ იქნებით. ბექა ბურჯანაძეზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ბექა კარგი მოთამაშეა, რომელსაც ესპანეთის უმაღლეს ACB ლიგასა და მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ასპარეზობის გამოცდილება გააჩნია. ბურჯანაძის გუნდს ელიტაში აღზევების შანსი ჰქონდა და ამისთვის, მან მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა, ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ძალიან კარგი პიროვნებაა. ვფიქრობ, ბექა “ანდორას” დიდ სარგებელს მოუტანს.
- როგორია გიორგი შერმადინის 1 დღე ანდორაში?
- ცხადია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ამას გარდა, დილას ბავშვები სკოლაში მიმყავს. საერთოდაც, ვცდილობ, მათთან და ჩემს მეუღლე ანისთან რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო. ამისთვის, ანდორა ჩინებული ადგილია – სიმშვიდეა და თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ.
- კარიერის განმავლობაში კლუბებს ხშირად იცვლიდით, ზოგჯერ, სეზონის მიმდინარეობის დროსაც. ახლა, “ანდორაში” ზედიზედ მე-2 სეზონს იწყებთ. ეს სტაბილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ?
- გუნდების ხშირი გამოცვლა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. უბრალოდ, ისეთი პრობლემები წარმოიქმნებოდა ხოლმე, რომლებიც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მაიძულებდა. ახლა, სხვაგვარი სიტუაციაა. “ანდორა” ჩემთვის საუკეთესო არჩევანია.
- ამ ზაფხულს სანაკრებო ბატალიებიც გელით...
- დიახ, მალე ეროვნულ გუნდს შევუერთდები და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების დაწყებამდე, რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც ჩავატარებთ. ესპანეთში სეზონი 1 ოქტომბერს დაიწყება, ამდენად, დასასვენებლად, ფაქტობრივად, დროც აღარ რჩება.