პოლონეთოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სევილიას" ყოფილი ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. როგორც პარიზული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო გადაიხადა ფრანგულმა კლუბმა პოლონელის სანაცვლოდ. გჟეგოჟი პსჟ-ს მეორე შენაძენია, ბენ არფას შემდეგ. კრიხოვიაკისთვის ფრანგული ფეხბურთი უცხო არაა. ნახევარმცველი 2007 წელს "ბორდოს" აკადემიაში ჩაირიცხა. წლების განმავლობაში პოლონელი "ნანტსა" და "რეიმსში" თამაშობდა, "სევილიაში" კი 2014 წელს გადავიდა და ევროპა ლიგა გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო.
კრიხოვიაკმა ესპანურ გუნდში 89 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. პოლონეთის ეროვნულ გუნდში ნახევარმცველი 2008 წლის დეკემბრიდან ასპარეზბს და 39 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. გჟეგოჟი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა და 5 თამაშში შეუცვლელად იასპარაზა.