ფეხბურთი

17:35 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენ არფა პსჟ-ს ფეხბურთელია

ფრანგული “ნიცას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჰატემ ბენ არფა “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ბენ არფა “პარკ დე პრენსზე” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება, რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას – ფრანგი შემტევი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. “პარი სენ ჟერმენი” ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული გუნდი იყო, “პარკ დე პრენსზე” თამაში კი, ბავშვობის ოცნება. ეს დიდი პატივია, რომ პსჟ-მ მომცა შესაძლებლობა აღნიშნული ოცნება ამესრულებინა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ნიცას” – სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა, რომ დიდ ფეხბურთში დავბრუნდი და ფრანგ ხალხს დავუმტკიცე თუ რა შემიძლია გავაკეთო მოედანზე”, - განაცხადა ბენ არფამ.

ჰატემ ბენ არფა საფეხბურთო საზოგადოებამ ჯერ კიდევ “ლიონიდან” გაიცნო, მერე მან “მარსელში” ითამაშა წარმატებით და ინგლისურ “ნიუკასლს” მიაშურა, სადაც ტრავმებმა გააწამა. გასული სეზონი კი ფრანგმა ფეხბურთელმა “ნიცაში” გაატარა, რომლის რიგებშიც ლიგა 1-ში 17 გოლის გატანა მოახერხა.

1.213857