კალათბურთი

0:31 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთში გამგზავრებამდე საქართველოს “ბ” ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული – “ბ“ ნაკრები, რომელიც წლეულს შეიქმნა, სადებიუტო მატჩებს ჩინეთში გამართავს. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი ნაკრები ჩინური შეკრების ფარგლებში, 1-დან 14 ივლისის ჩათვლითმ 3 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და მთლიანობაში 9 მატჩს ჩაატარებს.

საქართველოს “ბ“ ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბა და ჩინური ტურნესთვის ემზადება. ნაკრებს ოფიციალური მატჩები არ ექნება, რადგან ეს გახლავთ, ეროვნული ნაკრების ე.წ. წოდებული სარეზერვო გუნდი, სადაც ის მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ეროვნული გუნდის კანდიდატებად განიხილებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითად ნაკრებში ვერ მოხვდნენ. საიმისოდ, რომ ეს მოთამაშეები მზადყოფნაში იყვნენ და სათამაშო კლასიც აიმაღლონ, კალათბურთის ფედერაციამ “ბ“ ნაკრების შექმნა გადაწყვიტა და ჩინური ტურნეც დაუგეგმა.

საერთაშორისო ტურნირები ჩინეთის პროვინცია ჯიანგსუს 3 ქალაქში – ჩანგშუში, ჟანგჯიაგანგში და ნანტონგში გაიმართება. საქართველოს, ჩინეთისა და პოლონეთის “ბ“ ნაკრებებთან ერთად, ტურნირებში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის ეროვნული გუნდი. ჩამოთვლილი ნაკრებები სამ ქალაქში ცალ-ცალკე ტურნირებს ჩაატარებენ: ჩანგშუში (4-6 ივნისი), ჟანგჯიაგანგში (8-10 ივლისი) და ნანტონგში (12-14 ივლისი).

გუშინ, “ბ“ ნაკრებმა სპორტის ახალ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა, რომლის დროსაც მისმა წევრებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი): “ამ ნაკრების ჩამოყალიბების მიზანი ისაა, რომ მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში, არადა, ამის პოტენციალი გააჩნიათ, სათამაშო პრქტიკის გარეშე არ იყვნენ. სეზონი კარგა ხანია დასრულებულია და წინ კიდევ დიდი დროა, რის განმავლობაშიც ეს ბიჭები უსაქმოდ არ იქნებიან და შანსი მიეცემათ, მოემზადონ, ფორმაში შევიდნენ და დაამტკიცონ, რომ მათი ადგილი ეროვნულ ნაკრებშია.

ჩინეთში საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდებით – რუმინეთის ეროვნული და ჩინეთისა და პოლონეთის “ბ“ ნაკრებები სოლიდური სპარინგ-პარტნიორები არიან და მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები საკმაო გამოცდილებას მიიღებენ. მართალია, მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა და არც სპარინგ-მატჩები ჩაგვიტარებია, თუმცა თავად ჩინეთში, სადაც 9 მატჩი უნდა ჩავატაროთ, იმედი მაქვს, გუნდი მოუმატებს.

რევაზ როგავა (უკანახაზელი): “პირველი წელია, რაც “ბ“ ნაკრები შეიკრიბა, რაც კარგი წამოწყებაა, რადგან არაერთ მოთამაშეს საშუალება აქვს, საერთაშორისო მატჩებში თავი გამოიჩინოს და დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.

გიორგი ჯგერენაია (ფორვარდი): “მივემგზავრებით ჩინეთში. სამწუხაროდ, მოსამზადებელი ეტაპი, საკმარისი არ გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადეკვატურ ფორმაში ვართ, რათა ამ გამოწვევას შევხვდეთ. 3 ტურნირი გველის და საკმაოდ ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით. ეს ჩვენთვის პირველი გამოცდა იქნება და ვეცდებით, ღირსეულად გავუმკლავდეთ“.

www.gbf.ge

0.234804