არგენტინის ეროვნულ ნაკრებს კოპა ამერიკის ფინალში მარცხის მერე ფეხბურთელები ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ. ESPN-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის გარდა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება სერხიო აგუერომ, ხავიერ მასკერანომ, გონსალო იგუაინმა და ევერ ბანეგამ მიიღეს. ზემოხსენებული წყარო აგუეროს სიტყვებსაც ციტირებს:
“დიახ, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებიდან მიდის, მათ შორის მეც. დღეს წაგებული ფინალი ყველაზე საშინელი მარცხია. იმაზე მძიმე, ვიდრე ორი წლის წინ მუნდიალის ფინალში წაგება და შარშან კოპას ფინალი იყო”, - თქვა აგუერომ.
აგუერო სულ რაღაც 28 წლისაა და ცოტა უცნაურია მისი მხირდან სანაკრებო კარიერის დასრულება. მან აქამდე “ალბისელესტეს” რიგებში 76-ჯერ ითამაშა და 33 გოლი მიითვალა. 32 წლის მასკერანომ კი, ნაკრების ღირსება 129 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა. იგი ნაკრებში 2003 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.
რაც შეეხებათ იგუაინსა და ბანეგას – პირველი მათგანის ანგარიშზე 63 თამაში და 32 გოლია, ხოლო ბანეგას – 50 შეხვედრა და 4 გოლი.
ამასთან, გაჩნდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ნაკრებიდან წასვლას ეზეკიელ ლავეცი და ლუკას ბილიაც აპირებენ. ისე, უცნაურია, როდესაც ნაკრებს ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი ერთბაშად ტოვებს და თანაც, არცთუ არასაფეხბურთო ასაკში...