გასულ უქმეებზე იტალიის ქალაქმა ტრევიზომ “ადიდასის” მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ევროკემპს უმასპინძლა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემაც ითამაშა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.
აპენინებზე 1994-1998 წლამდე დაბადებული მსოფლიოს სამოცამდე ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე შეიკრიბა და ისინი 9 გუნდში გადანაწილდნენ, რომელთაც პირობითი სახელები ეწოდათ.
ბურჯანაძე პირველ გუნდში იგივე “მავერიქსში” მოხვდა და ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც მან და მისმა თანაგუნდელებმა ჯერ “ბაქსს” სძლიეს (46:44), შემდეგ კი – “ბულსს” (61:53).
ქართველი მძიმე ფორვარდი უკეთ სწორედ მე-2 მატჩში გამოიყურებოდა, რომელშიც მოედანზე 18:55 წუთი დაჰყო და 17 ქულით საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბექამ 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და ორივე გუნდში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა.
“ბაქსთან” მატჩში ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 20:30 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
სამწუხაროდ, ბურჯანაძე ევროკამპის საუკეთესო მოთამაშეთა შორის ვერ მოხვდა. ტურნირის უძვირფასეს კალათბურთელად (MVP) გერმანელი მსუბუქი ფორვარდი პოლ ზიპსერი აღიარეს, სიმბოლური ხუთეული კი ასე დაკომპლექტდა: კენან სიპაჰი (თურქეთი), ვანია მარინკოვიჩი (სერბეთი), დეიან ტოდოროვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), პეტრ კორნელიე (საფრანგეთი) და მიკაელ ფუსეკი (სლოვაკეთი).