ჭადრაკი

20:25 | 12.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 2 ტურით ადრე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ტური მიილია და სასიხარულოა, რომ 50 წლამდე მონაწილეთა კატეგორიის ლიდერთა შორის ქართველებიც იმყოფებიან.

გასულ ტურში ზურაბ სტურუამ (2545) თეთრი ფიგურებით სომეხი რომან აკოპოვი (2256) დაამარცხა, გიორგი ბაღათუროვმა კი თეთრებითვე რუს მიხაილ იაჩმენევს (2164) სძლია.

შედეგად, სტურუას და ბაღათუროვს 5.5-5.5 ქულა მოუგროვდათ და ტურნირის სათავეში რუს ევგენი კალეგინთან (2431) და სომეხ რაფაელ ვაგანიანთან (2577) ერთად იმყოფებიან. დამატებითი მაჩვენებლებით, გიორგი მეორეა, ზურაბი კი – მეოთხე.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ცენტრალური ვაგანიანის და სტურუას პარტია იქნება, ბაღათუროვი კი შავებით ფრანგ ნიკოლაი ლეგკის (2445) ეთამაშება.

ამ კატეგორიაში მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მაჩვენებლები ასეთია: 22. ციალა ქასოშვილი (2176) – 3.5; 24. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 3.5; 26. ნინო მელაშვილი (2140) – 3.0; 42. თამარ ჭანტურია (1626) – 1.0.

65 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 5.5-5.5 ქულით რუსი ევგენი სვეშნიკოვი (2509) და უკრაინელი ვალენტინ ბოგდანოვი (2376) ლიდერობენ, რომელთაც 0.5 ქულით 8 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება.

ამ ჯგუფში იმყოფება მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2299), რომელმაც მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით ყაიმი გერმანელ ბორის გრუზმანთან (2202) გააფორმა და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხეა. მე-8 ტურში გაფრინდაშვილი შავებით რუს ნიკოლაი მიშუჩკოვს (2306) ეთამაშება.

რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს (2081), მან თეთრებით ჰოლანდიელ ნიკო შოუტენთან (2102) წააგო და 3.5 ქულით 23-ე ადგილამდე დაქვეითდა.

0.118458