საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ,,სოხუმმა’’, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ,,აკადემიას’’ 2:1 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. ზღვისპირელებს ახალგაზრდა მწვრთნელი თემურ კანკია ხელმძღვანელობს, რომლის ასისტენტებიც ლიკა ქაჯაია და კობა პაიჭაძე არიან. თემური პარალელურად საქართველოს 14 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა. ოთხი სეზონია, რაც იგი ,,სოხუმის’’ ოც წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში ზღვისპირელები მხოლოდ ერთხელ დარჩნენ მედლის გარეშე. ორჯერ პირველი და ერთხელ მეორე ადგილი დაიკავეს.
გთავაზობთ ინტერვიუს თემურ კანკიასთან, რომელსაც ,,მსოფლიო სპორტი’’ კლუბსა და ნაკრებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.
- თქვენმა გუნდმა 20 წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი წარმატებით ჩაატარა და ფინალური სერიაც კარგად დაიწყო, თუმცა მერე მოდუნდა და „აკადემიამ“ ანგარიში გაათანაბრა. ,,სოხუმმა’’ მესამე გადამწყვეტი შეხვედრაც სუსტად დაიწყო და მხოლოდ დამატებით დროში შეძლო გამარჯვების მოპოვება...
-,,სოხუმის’’ როგორც დიდების ისე ასაკობრივი ნაკრების გუნდებს არ აქვს საკუთარი სავარჯიშო დარბაზი. არ გვყავს საკუთარი ავტობუსი, ამის გამო ნაქირავებ დარბაზში გვიწევს ვარჯიში და ნაქირავები ტრანსპორტით ვმგზავრობთ რეგიონებში დაგეგმილი მატჩების დროს. იყო შემთხვევა, როდესაც შუა სეზონში დარბაზის გამო ერთი თვე არ გვივარჯიშია. ამით შეიძლება აიხსნას რომ პლეი- ოფში ზედიზედ ჩატარებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გუნდი გადაიღალა.
- თქვენი კალათბურთელებიდან რამდენს აქვს შანსი კარიერა სუპერლიგის მონაწილე გუნდებში გააგრძელოს?
-თუ კარგად იმუშავებენ, ყველას აქვს შანსი კალათბურთში წარმატებას მიაღწიონ. მათ შორის ყველაზე კარგი მონაცემები თორნიკე გაგუას, დავით ლომიძეს, ტატო ზუზაძესა და მამუკა ბაზუაშვილს აქვთ. მათგან გაგუა საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
-სხვა გუნდებიდან ვის გამოარჩევდით?
-ჩემი აზრით, საუკეთესო ,,აკადემიას“ ცენტრალური თავდამსხმელი სოსო გოგნაძე იყო.
-თქვენ პარალელურად საქართველოს 14 -წლამდელთა ნაკრებსაც ხელმძღვანელობთ, რომელიც ევროპის ახალგაზრდული კალათბურთის ლიგაში თამაშობს. რით აიხსნება, რომ ამ ლიგაში ნაკრებ გუნდთან ერთად კლუბებიც თამაშობენ?
-ორგანიზატორები არ კრძალავენ, რომ ნაკრებთან ერთად კლუბებმაც ითამაშონ. ამით ვისარგებლეთ და ვთამაშობთ, რითაც კალათბურთელები ოსტატობას იმაღლებენ.
-როგორ შეაფასებთ ამ ლიგაში ქართველი კალათბურთელების გამოსვლას?
-2015-2016 წლების სეზონი ,,ბ“ ლიგაში დავიწყეთ. სამწუხაროდ, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად ერთი მოგება დაგვაკლდა, მაგრამ ,,ბ“-დან ,,ა“ ჯგუფში გადავინაცვლეთ და 2016-2017 წლების სეზონში ამ ლიგაში ვითამაშებთ.