ახალი ზელანდიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის თასის გათამაშების ფინალურ მატჩში პაპუა ახალი გვინეის ნაკრები დაამარცხა (0:0, პენალტების სერიაში 4:2) და 2017 წლისთვის კონფედერაციის თასზე მონაწილეობა გაინაღდა.
ახალი ზელანდიის ნაკრები რუსეთში გასამართი ტურნირის მეექვსე მონაწილეა. ოკეანეთის წარმომადგენლის გარდა, კონფედერაციის თასზე ითამაშებენ გერმანიის (მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი), ავსტრალიის (აზიის 2015 წლის ჩემპიონი), ჩილეს (კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშების გამარჯვებული), მექსიკის (კონკაკაფის 2015 წლის ოქროს თასის გამარჯვებული) და რუსეთის (ტურნირის მასპინძელი) ნაკრებები. ტურნირის მონაწილეებს შეუერთდებიან ევრო 2016-ის (ფინალი 10 ივლისს) და აფრიკის ეროვნებათა თასის (ფინალი 2017 წლის 12 თებერვალს) გამარჯვებულები.
კონფედერაციის თასის გათამაშება 2017 წლის 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.