თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში “ბარსელონასთან” კიდევ ერთი მატჩი წააგო, სერია 1:3 დათმო და სეზონის დასრულება მოუხდა.
შეგახსენებთ, რომ ბასკურმა კლუბმა კატალონიელებს გასული საშინაო შეხვედრა ოვერტაიმში მოუგო, ამჯერად კი, ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან შანსი არ ჰქონია და 63:85 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 10:48 წუთი დაჰყო და 3 ქულა მოაგროვა.
შენგელიამ 2 სამქულიანიდან 1 გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ფრანგი კიმ ტილი იყო, მაიკ ჯეიმსმა, დარკო პლანინიჩმა და ადამ ჰანგამ კი 10-10 ქულა მიითვალეს.
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება ტრადიციული იქნება: “ბარსელონა” ძალებს მადრიდის “რეალთან” მოსინჯავს, რომელმაც გზიდან “ვალენსია” ჩამოიცილა.