სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატების ჯერი დადგა. ამჯერად 18-წლამდელთა ნაკრებზე გესაუბრებით, რომელსაც გია კაზანჯიანი უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტები კი მიხეილ კობეშავიძე და არჩილ ჟღენტი იქნებიან.
კაზანჯიანმა შეკრებაზე 20 კალათბურთელი გამოიძახა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე, რომელსაც მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს, 12 გაემგზავრება.
ლევან ბაბილოძე (,,კაპო“, იტალია)
ლუკა ბულაშვილი (,,ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი)
გიორგი ცირეკიძე (,,კოლეჯი“, იტალია)
გოგა ბითაძე (,,მეგალექსი“, სერბეთი)
ვლადიმერ ფურცვანიძე (,,კოლეჯი“, აშშ)
ნიკა დარბაიძე (,,აკადემია“)
გიორგი კორსანტია (,,ვითა“)
გიორგი ცინცაძე (,,მართვე 2“)
ნიკა ჩეჩელაშვილი (,,ჰიუნდაი“)
ნიკა მეცხვარიშვილი (,,აკადემია“)
ნიკა ლოლიშვილი ("აკადემია“)
გიორგი გვიანიძე (,,აკადემია“)
საბა აკობია (,,აკადემია“)
საბა ღვედაშვილი (,,რუსთავი“)
გიორგი ცხოვრებოვი (,,აკადემია“)
გიორგი გოგუა (,,დინამო“)
კოკა ფიფია (,,ჰიუნდაი“)
ნიკა ყირიმელი (,,ორბი’)
ნიკა ლეონიძე (,,აკადემია“)
ბერდია ქავთარაძე (,,ჰიუნდაი“)
შეგახენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებთან ერთად ჯგუფში ინგლისის, უკრაინის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ალბანეთის გუნდები იასპარეზებენ, ,,ა“ დივიზიონისათვის ბრძოლას კი პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ.
გუნდის მზადებასთან დაკავშირებით ,,მსოფლიო სპორტი“ გია კაზანჯიანს ესაუბრა:
- ვისი გამოძახებაც გინდოდათ, ყველამ გამოთქვა ნაკრებში თამაშის სურვილი?
- კი. ყველა თანახმაა.
- ტრავმის გამო ხომ არავინ დაგაკლდებათ?
- საბედნიეროდ, ყველა ფორმაშია.
- გუნდში რომელ პოზიციას თვლით შედარებით ძლიერად და სუსტად?
- ნაკრები ყველა რგოლში თანაბრადაა დაკომპლექტებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკობრივ გუნდში პერსპექტიული კალათბურთელები არიან, რომლებიც თუ ბევრს იმუშავებენ, შეუძლიათ დიდი კალათბურთი ითამაშონ.
- თქვენს მიერ გამოძახებული კალათბურთელებიდან თუ გამოარჩევთ რომელიმეს, ვინც გუნდის ლიდერობას იკისრებს?
- როგორც უკვე გითხარით, პერსპექტიული თაობაა, რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთის წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში თამაშობს, მაგრამ რომელიმეს გამორჩევისაგან თავს შევიკავებ.
- მზადების პერიოდში საკონტროლო თამაშები თუ გაქვთ დაგეგმილი?
- თვის ბოლოს ერევანში მივემგზავრებით, სადაც სომხეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შევხვდებით. სომხეთიდან ბელარუსში გადავინაცვლებთ და პირველ ივლისს აზერბაიჯანის ნაკრებს ვეთამაშებით, 3 ივლისს კი მასპინძელთა ნაკრებს დავუპირისპირდებით. 5-10 ივლისს მონტენეგროში ჩავალთ და ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 შეხვედრას ჩავატარებთ, 11-17 ივლისს კი საკონტროლო მატჩებს ლატვიაში დავასრულებთ.
- ჯგუფში ვის თვლით ძირითად კონკურენტად?
- ჩვენი უშუალო კონკურენტები პირველ-მეორე ადგილისათვის ბრძოლაში სლოვაკეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ძლიერი ჯგუფიდან გავიდეთ და ,,ა“ დივიზიონის ერთ-ერთი საგზურისათვის ბრძოლა გავაგრძელოთ.