საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" ტურნირზე ქალებს შორის ერთეულთა თანრიგი გარბინე მუგურუზა ბლანკომ მოიგო. ფინალში 22 წლის ჩოგბურთელმა ამერიკელი და მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი სერენა უილიამსი ორ სეტში 7:5, 6:4 დაამარცხა.
არანჩა სანჩეს-ვიკარიოს შემდეგ, მუგურუზა გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. სერენამ კი დიდი სლემის 27-ე ფინალი ითამაშა და მეხუთე წააგო. რაც მთავარია, მეოთხე ნომერმა გარბინემ უილიამსს რევანში აუღო. გასული წლის უიმბლდონის ფინალში ამერიკელმა ევროპელი 6:4, 6:4 დაამარცხა.
სერენას შანსი ჰქონდა ღია პირველობების ყველაზე მეტ მომგებ შტეფი გრაფს დაწეოდა, თუმცა მას ეს ინგლისში გასამართ ტურნირზე მოუწევს. ამერიკელმა უკვე ზედიზედ მეორე დიდი სლემის ფინალი წააგო. გარბინე ტურნირის მოგებით რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა უილიამსს ვერ დაეწევა. "როლან გაროსზე" წარმატებული გამოსვლით, მუგურუზამ სინგაპურში გასამართი წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
აწ უკვე დასრულებულ მატჩში ფავორიტი ამერიკელი გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელმა მობილიზება მოახერხა და შეხვედრის სადავეები ხელთ იგდო. პირველი სეტი სერენამ ცუდად დაიწყო და 2:4 აგებდა, თუმცა დააბრეიკა და გულშემატკივრები 5:5-ზე უკვე ტაიბრეიკს ელოდნენ. გარბინემ მე-11 გეიმზე მეტოქეს ბრეიკი გაუკეთა და საბოლოოდ სეტი სათავისოდ 7:5 დაასრულა.
მეორე სეტის სამი გეიმი მეტოქეებმა გაცვალეს, საბოლოოდ მუგურუზა 3:1 დაწინაურდა და ამის შემდეგ ბრეიკი არ ყოფილა. ესპანელს მე-9 გეიმზე შეეძლო შეხვედრის დასრულება, თუმცა უილიამსი არ დანებდა. ბოლო გათამაშებაში 22 წლის გარბინემ ზუსტად ითამაშა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
აღნიშნული გამარჯვებით, ესპანელმა 2 მილიონი ევრო დაიმსახურა, ხოლო სერენას 1 მილიონი ერგო.